მდინარის კამბალა
მდინარის კამბალა Pleuronectes flesus luscus Pallas.
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კამბალასნაირნი
ოჯახი: კამბალასებრნი
გვარი: ჩვეულებრივი კამბალები
ქვესახეობა: მდინარის კამბალა
თევზი კამბალების ოჯახისა. ლაყუჩის ჩხირების რაოდენობა პირველ რკალზე 9-14, ჩვეულებრივ 10-12. ქერჩის რაიონისათვის 11,0. მამლებს (ჩვეულებრივ 93-97%-ს) ზურგისა და ანალური ფარფლების სხივებზე პატარა ქიცვი აქვთ, დედლებს კი იშვიათად თუ გააჩნიათ. სხეული ორივე მხარეზე დაფარულია ციკლოიდური ქერცლით. სხეულზე ძლიერ ცოტა ქიცვისებრი ფირფიტებია განლაგებული. ის მეტად მცირე რაოდენობითაა გვერდის ხაზის გასწვრივ, წინა განყოფილებაში თვალების მხარეზე და თავზე. კუდის ღერო და ბრმა მხარე უხორკლოა. მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ შევხვდებით მარცხენა მხარეზე მოთავსებულთვალებიან მდინარის კამბალას. ზრდასრულების თავის სიგრძე სხეულის მთლიანი სიგრძის 23%,-ს შეადგენს. სხეული მღვრიე-მწვანე ფერის, ნათელი არშიით შემოვლებული ვარსკვლავისებრი ლაქებითაა (წინწკლებით) დაფარული. კენტ ფარფლებზე მრავალი მურა ლაქა აქვს. ზოგჯერ მურა ფერის ინდივიდებიც გვხვდებიან. სიგრძით 25-39 სმ-მდე აღწევს.
გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში.