მეზგუაშე
მეზგუაშე (ადიღ. Мэзгуащэ: мэзы – „ტყე“, гуащэ – „ქალბატონი“) – ადიღთა უძველესი წარმოდგენების მიხედვით, ტყისა და საკვებად ვარგისი ველური მცენარეების ქალღმერთი, რომელმაც მოგვიანებით ნადირობის მფარველის ფუნქციაც შეითავსა და მამრობითი სქესის ღვთაებად – მეზითჰად, გარდაიქმნა (ზოგიერთი გადმოცემით, მეზგუაშე მეზითჰას მეუღლეა). ამ ტრანსფორმაციის პროცესზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სხვა ჩერქეზულ სუბეთნიკურ ჯგუფებში მამაკაცად წარმოდგენილი მეზითჰა ყაბარდოელებში, აბძახებში და ბესლანელებში მდედრობითი სქესის ღვთაებად მოიაზრებოდა და, როგორც თეთრსხეულა, სეთენაი-გვაშასთან იყო შედარებული.
ხალხის რწმენით, მეზგუაშე ისეთ ტყეში მკვიდრობდა, სადაც უხვად იყო ველურად მზარდი ნაყოფისმომცემი ხე-ბუჩქები და საკვები ბალახეული, განსაკუთრებით ტყის ნიორი. არსებული მასალების მიხედვით, სწორედ ამ ქალღმერთმა მისცა ადამიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და ასწავლა მათი წარმოება.
ჩერქეზი ქალები მეზგუაშეს დახმარებისათვის იმ მაშინ მიმართავდნენ, როდესაც ხილის ხეები უნაყოფონი იყვნენ, ხოლო ბოსტნეული კულტურები (ხახვი, ნიორი და სხვ.), ამა თუ იმ მიზეზით, საკმარის მოსავალს არ იძლეოდნენ ან სრულიად კვდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში ქალები გამოცდილი და ბრძენი მანდილოსნის ხელმძღვანელობით ტყისპირზე გავიდოდნენ და ქალღმერთს მოფერებით მიმართავდნენ: „ო, მეზგუაშ, ო, ზიუსხან, ჩვენო რძეო, ოჯახის მკვებავო, მოგვეც ბარაქა“. ბჟედუღთა რწმენით, ამ მიმართვის შემდეგ მეზგუაშე ტყიდან გამოვიდოდა და იკითხავდა: „რა გსურთ ჩემგან?“ მლოცველები სთხოვდნენ, რომ გარეული და შინაური ხილისა და ბაღჩეული კულტურების სიუხვე ყოფილიყო. ქალღმერთი მათ „პასუხობდა“, რომ წლევანდელი მოსავალი უმნიშვნელო იქნებოდა, მაგრამ სამომავლოდ მათი თხოვნა დაკმაყოფილდებოდა (მეზგუაშესთან დიალოგში მხოლოდ მთხოვნელთა ბრძენი ხელმძღვანელი იყო ჩართული, რადგან ქალღმერთის „დანახვა“ ერთდროულად ორ ქალს არ შეეძლო).
გარდა აღნიშნულისა, მეზგუაშე გარკვეულწილად ჭექა-ქუხილის ღვთაების – შიბლეს ფუნქციასაც ითავსებდა, არის წყლის რესურსების მფარველიც (მ. აზამათოვა). ბჟედუღურ საწესო სიმღერით, რომელიც გვალვის ჟამს წვიმის გამოწვევის მიზნით სრულდებოდა, ქალღმერთს მიმართავდნენ:
- მოგვეცი ჩვენ წვიმა, მეზგუაშ!
- ნუ დაინანე ჩვენთვის წყალს, მეზგუაშ!
- პატივს მოგაგებთ, მეზგუაშ!
- ჰანცეგუაშეთხოვს მეზგუაშს:
- „მოსავალი გაგვისამმაგე, მეზგუაშ!“
ლიტერატურა
- Аутлев П. У. Новые материалы по религии адыгов // Ученые записки Адыгейского научно-исследовательского института языкаб литературы и истории. Т. 4. 1965;
- Мижаев М. И. Мифологическая и обрядовая поэзия адыгов. Черкесск, 1973;
- მისივე, Мезгуаше // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
- Азаматова М.-К. З. Этнографические этюды. Майкоп, 1997;
- Куёк А. С. Образ мифологического божества Мэзитха в мифологии и эпических сказаниях адыгов // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: Филология и искусствоведение. Вып. № 2 (114), 2013;
- Кабардинский фольклор. Под общей редакцией Г. И. Бройдо. Вступительная статья, комментарии и словарь М. Е. Талпы. М., 1936.