მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები (1956)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელბურნში მთავარ ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლის დანთების პატივი რონ კლარკს ერგო, რომელმაც 8 წლის შემდეგ, 1964 წლის ტოკიოს თამაშებზე 10 ათას მეტრზე რბენაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1956 წელს (22 ნოემბერი - 8 დეკემბერი) მელბურნში.

  • მონაწილე ქვეყანა 72
  • სპორტსმენი 3,314 / 376 ქალი / 2,938 კაცი
  • სპორტის სახეობა 17
  • მედლების კომპლექტი 151

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ვიქტორ ჩუკარინი (ტანვარჯიში, სსრკ) 3,1,1
ქალებში: აგნეშ კელეტი (ტანვარჯიში, უნგრეთი) 4,2,0

XVI ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში უმთავრეს კონკურენტ ბუენოს აირესთან ერთი ხმის უპირატესობით გამარჯვება მელბურნს დარჩა. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა დიდი ნაწილი, 1956 წლის თამაშების მასპინძელს, როგორც შესაფერის ადგილს, ეჭვით უყურებდა. საქმე ის არის, რომ ოლიმპიადა სამხრეთ ნახევარსფეროში მაშინ უნდა ჩატარებულიყო, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგებოდა.

1956 wlis plakati.PNG

პირველმა სირთულემ მაშინ იჩინა თავი, როდესაც სოკ-ის მესვეურები მკაცრ ავსტრალიურ საკარანტინო რეგულაციებს გაეცნენ, რომლის მიხედვითაც, ცხენოსანთა ასპარეზობებისთვის კონტინენტზე ბედაურების გადასაყვანად ექვსთვიანი კარანტინის გავლა იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, ცხენოსანთა ტურნირი განცალკევებით - მელბურნის თამაშებამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე სტოკჰოლმს ანდეს.

გარდა ამისა, XVI თამაშები აღმოჩნდაპირველი, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში და ოკეანეთში ჩატარდა. ასევე პირველად, ოლიმპიადა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას გასცდა; პირველად ოლიმპიზმის ისტორიაში, ერთ თამაშებს ორ სხვადასხვა სეზონზე - ივნისსა და ნოემბერში ორი კონტინენტის ორმა ქალაქმა, მელბურნმა და სტოკჰოლმმა უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ მელბურნის თამაშებიდან საფუძველი ჩაეყარა დახურვის ცერემონიალებზე ქვეყნების ერთიანად შესვლას.

ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ კამბოჯა, ეთიოპია, ფიჯი, კენია, ლიბერია, მალაია (1964 წლის თამაშებიდან - მალაიზია), ჩრდილოეთ ბორნეო (დამოუკიდებელი გუნდის სახელით ერთადერთხელ იასპარეზა, 1964 წლიდან კი მალაიზიის სახელით გამოვიდა) და უგანდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია კი გერმანიის გაერთიანებული გუნდით წარდგა, რაც 1968 წლამდე გაგრძელდა. მელბურნის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ მას რიგმა ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ოლიმპიადაზე ტაივანელთა დაშვებისა და სადავო პოლიტიკური სტატუსის გამო, ასეთი ნაბიჯი გადადგა ჩინეთმა, რაც 1980 წლის ლეიკ პლესიდის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე გაგრძელდა. მელბურნში არ ჩავიდნენ ეგვიპტის, კამბოჯის, ნიდერლანდების, ესპანეთის და შვეიცარიის სპორტსმენები, თუმცა სტოკჰოლმში ცხენოსანთა ასპარეზობებში კი მიიღეს მონაწილეობა. ეგვიპტელთა და კამბოჯელთა ჩაუსვლელობა სუეცის კრიზისით იყო განპირობებული. ეგვიპტელებს სოლიდარობა გამოუცხადეს ერაყმა და ლიბანმაც, ხოლო ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და შვეიცარიამ ასეთი ნაბიჯი საბჭოთა კავშირის ჯარების უნგრეთში შეჭრის გამო გადადგეს.

მელბურნის ოლიმპიადის ქართველი ჩემპიონი გივი კარტოზია

საბჭოთა და უნგრელ სპორტსმენთა შორის მელბურნში არაერთი ინციდენტი მოხდა. აქედან ყველაზე ხმაურიანი გამოდგა ამ ქვეყნების წყალბურთელებს შორის ნახევარფინალში ატეხილი ჩხუბი, რასაც პოლიციის ჩარევა, მატჩის შეწყვეტა და საბჭოთა ნაკრების ტექნიკური წაგება მოყვა. მოგვიანებით, უნგრელები ფინალში იუგოსლავიის 2:1 დამარცხებით ჩემპიონებიც გახდნენ, ხოლო სსრკ ნაკრები მესამე ადგილს დასჯერდა.

ტექნოლოგიური სიახლეებიდან უნდა აღინიშნოს მოცურავეთა ასპარეზობებზე პირველად გამოყენებული „ომეგას“ დროის აღმრიცხველი ციფრული ტაბლო, ხოლო მოფარიკავეებმა ოლიმპიადებზე ასევე პირველად გამოიყენეს ელექტრორაპირა.

მელბურნის თამაშებზე შედგა ბატერფლაით მოცურავეთა დებიუტი. მასპინძლებმა ყველაზე უკეთ თავი სწორედ ცურვაში წარმოაჩინეს. თავისუფალი სტილით ქალთა თუ ვაჟთა ასპარეზობათა ყველა ოქროს მედალი სწორედ მათ ანგარიშზეა. მთლიანობაში მოპოვებული 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველობაც ავსტრალიელ მოცურავეებს დარჩათ. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მათ ისტორიულ მეტოქეს - აშშ-ის ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში აჯობეს.

ამერიკელთა ბატონობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მძლეოსნობაში - ვაჟებს შორის გათამაშებული 24 ოქროს მედლიდან 15 მათ დაისაკუთრეს. პირველად გათამაშდა მედლები 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში. სამივე საპრიზო ადგილი სსრკ-ის სპორტსმენებს დარჩათ. მელბურნის ოლიმპიური თამაშების ერთერთ გმირად აღიარეს საბჭოთა ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინა, რომელმაც 4 ოქროს და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები