მენეხმები (პლავტუსის კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მენეხმები“ – ძველრომაელი დრამატურგის პლავტუსის კომედია.

პლავტუსისეულ კომედიებში არა მხოლოდ ეგოცენტრიზმი, არამედ ზედმეტი მიმნდობლობა ან გრძნობებს აყოლა დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანს. კომედია „მენეხმებში“ თაღლითობასა და გაიძვერობაში გაწაფული ცრუპენტელების ტოტალური მოძალების ატმოსფეროში, ნებისმიერი სისუსტე ადამიანისთვის აქილევსის ქუსლად იქცევა. კომედიაში, მომხიბვლელი ჰეტერებისა და მათთან შუამავალი მაჭანკლების ანკესზე წამოგებულ მამაკაცებს ელვისებური სისწრაფით ეზრდებათ ხარჯები და მათ, ვინც დროზე გონს ვერ მოეგება, სრული გაკოტრება მოელი. უსახსროდ დარჩენილს კი კარის ზღურბლზეც არ უშვებენ ისინი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ თავს ევლებოდა და მისი სურვილების გამოცნობას ლამობდა.

პიესის სიუჟეტს საფუძვლად უდევს ადრეულ ასაკში გარემოებების გამო ერთმანეთს დაცილებული, წლების შემდეგ კი კვლავ ერთ ქალაქში აღმოჩენილი ტყუპისცალი ძმების შეხვედრისა და გაწყვეტილი კავშირის აღდგენის ამბავი. სიტუაციების კომიზმს კი ძმების შეხვედრამდე, გარემომცველთა მიერ ტყუპისცალების ერთმანეთისგან განურჩევლობისა და ერთმანეთში აღრევის საფუძველზე აღმოცენებული გაუგებრობები ქმნის. მაგრამ კომიზმის მიღმა „მენეხმებში“ კარგად ჩანს ფულის ყოვლისშემძლეობის ამღიარებელი საზოგადოების ზნე-ჩვეულებანი. ძმის საძებნელად უცხო ქალაქში ჩამოსული მენეხმი, დროდადრო სხვების მიერ თავის ტყუპისცალად მიჩნეული, ხან ძმის მდიდარი ცოლის ტირანიის აუტანლობას შეიგრძნობს, ხან მამაკაცების გამაკოტრებელი ჰეტერას დაუნდობლობასა და სიხარბეს, ხან კი სხვის ხარჯზე ცხოვრების მსურველი პარაზიტის აბეზარ გამომძალველობას. როგორც ირკვევა, დაოჯახებული მენეხმი, თავისი სიმდიდრის მუდამ ქმრისთვის დამყვედრებელი, ენამწარე და კაპასი ცოლის დესპოტიზმისგან, მის მაამებელ ჰეტერასთან გაქცევის შედეგად, გაცილებით უარეს განსაცდელში აღმოჩენილა. ყველაფრით უკმაყოფილო ცოლისგან ყველაფრით კმაყოფილსა და მუდამ მაამებელ ჰეტერაზე სრულად დამოკიდებული გამხდარა. დაოჯახებული მენეხმი ცოლის ტირანიისაგან ამა თუ იმ გზით გათავისუფლების ძალას არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში ეძებს. დესპოტი ცოლისგან დასვენების მსურველი კი, მამაკაცების გაკოტრებაში გაწაფული, თუმცა ტკბილად მოსაუბრე ჰეტერას ხელში აღმოჩნდება, – კვლავ სხვისი მანიპულაციის უმწეო მსხვერპლად ქცეული, კომედიის ფინალში ძმების შეხვედრა ქალაქიდან მათი ერთად გამგზავრების გადაწყვეტილების მიღებით სრულდება. ახლადნაპოვნი ძმის ზეგავლენით, დაოჯახებული მენეხმი დარჩენილი ქონების გაყიდვასა და ცოლის მიტოვებასაც განიზრახავს. კომედიაში, დამყოლი ხასიათის, დამთმობი, რომანტიზმისკენ მიდრეკილი ადამიანების გაბრიყვების, გაკოტრების, გამოყენებისა და დაჩაგვრის გარდაუვალობის პრობლემაა წამოჭრილი. ბრძოლის უუნარო ადამიანი დაუცველი რჩება ყველაფრის მიტაცებისკენ მსწრაფ გარემომცველთა წინაშე. პიესაში სიტუაციების კომიზმის მიღმა, ადამიანის მიერ საკუთარი თავის, საკუთარი პრაგმატული და პიროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობის მოტივი მძაფრი აქტუალობით ვლინდება.

დაოჯახებული ტყუპისცალისგან განსხვავებით, მისი ძმა სხვების ზეგავლენის ქვეშ მოქცევისგან თავისუფალი, ლაღი და ძლიერი ადამიანი აღმოჩნდება, – თავადაც ადვილად იგერიებს თავხედების, გამომძალველებისა და თაღლითების შემოტევებს და ძმასაც ეხმარება. ამავროულად, გარემომცველთა მიერ ერთმანეთში ტყუპისცალების აღრევით განპირობებული კომიკური სიტუაციები იმასაც თვალნათლივ წარმოაჩენენ, რომ არჩევანს თითოეული ადამიანი თავად აკეთებს; იყოს საზოგადოების, გარემომცველების, თუნდაც ოჯახის წევრების მსხვერპლი თუ სხვების მავნე გავლენისგან თავისუფალი, საკუთარი ჭკუით მცხოვრები ადამიანი. ძალზე მნიშვნელოვანია დროზე მოეგო გონს და თავს უშველო, როგორც ამას ცოლისა და საყვარლის ტირანიისგან, ძმის დახმარებით გაქცევის მსურველი მენეხმი აკეთებს. კომედია ადამიანს სიფხიზლის, საღი აზრისა და კრიტიკული განსჯის უნარის შენარჩუნებისკენ მოუხმობს, – რადგან მიამიტი ან გრძნობებს აყოლილი მისთვის ყოველ ნაბიჯზე დაგებულ მახეში მაშინვე გაებმება და მშველელიც, შესაძლოა, არსად გამოჩნდეს.

ნებისმიერ ასაკში საღი აზრის შენარჩუნების აუცილებლობის მოტივი წამყვანი ხდება პლავტუსის კომედია „ვაჭარშიც“. პიესის გმირს, უკვე ხანდაზმულ მამაკაცს, ახალგაზრდა ქალისადმი სასიყვარულო ვნება შეიპყრობს. შემდგომში ირკვევა, რომ ასაკოვანი მამაკაცის ტრფობის ობიექტი მისივე ვაჟიშვილის საყვარელი ყოფილა. სიმართლის გარკვევისა და საკუთარი იმედების განუხორციელებლობის გაცნობიერების შემდეგ, ოჯახის უფროსი ეგუება რეალობას, აცნობიერებს საკუთარი სასიყვარულო ეგზალტაციის კომიზმს და სულიერ სიმშვიდესაც იბრუნებს.

ნებისმიერი თვისება, ვნება თუ მისწრაფება, – იქნება ეს სიძუნწე, თვითგანდიდების მანია თუ სასიყვარულო ვნება, რომელიც ადამიანს სიცოცხლით ტკბობისა და რეალობის ადეკვატურად აღქმა-შეფასების უნარს უკარგავს, პლავტუსისეულ კომედიოგრაფიაში დამანგრეველ აკვიატებადაა წარმოჩენილი. საბოლოოდ მაინც თავად ადამიანზეა დამოკიდებული გამოავლენს თუ არა სულიერი ჯანმრთელობის დაბრუნების ნებას, ეზიარება თუ არა შინაგან თავისუფლებას. შემთხვევითი არ არის, რომ, სავარაუდოდ, მსოფლიო დრამატურგიაში ძუნწის სახის პირველად წარმომჩენ პიესად მიჩნეულია სწორედ პლავტუსისეული კომედია „განძი“, რომელმაც თანამედროვეობამდე მხოლოდ მცირედი, ფრაგმენტული სახით მოაღწია.

პლავტუსისეულ კომედიებში აღსანიშნავია მუსიკალურ-რიტმული მხარე, რომელიც აქტიურად ვლინდება კანტიკებად წოდებულ არიებში. დიალოგი რეჩიტატივებსა და არიებში გადაიზრდება და ოპერეტის ჟანრთან სიახლოვით ხასიათდება. პლავტუსისეული კანტიკები მუსიკალური სტრუქტურის მრავალფეროვნებით ხასიათდებიან.

სასიყვარულო განცდების გამოსახატავად შეყვარებულ პერსონაჟთა შემსრულებლები მიმართავდნენ მუსიკალურ მონოლოგებს, სერენადებს, – მაღალფარდოვანი ტრაგიკული სტილის პაროდირებისათვის კი – არიებს.

პლავტუსის, როგორც კომედიოგრაფის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად მახვილგონიერება მიიჩნევა, – სიტყვებით თამაში მის კომედიაში ფოიერვერკული გამომგონებლობითა და სილაღით ხასიათდება. სავსებით ბუნებრივია, რომ პლავტუსი მსოფლიო დრამატურგიისა და თეატრის განვითარებაზე (იქნება ეს იტალიური ნიღბების კომედია, შექსპირისა თუ მოლიერის დრამატურგია) ერთერთი უძლიერესი გავლენის მქონე დრამატურგადაა მიჩნეული.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები