მერცხალასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერცხალასებრნი (ლათ. Glareolidae) − ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მერცხალასებრთა ოჯახში გაერთიანებულია ფრინველების ორი ჯგუფი: მერცხალები და რბენიები, რომლებიც მორფოლოგიური ნიშნებითა და ცხოვრების ნირით იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ზოგიერთი სისტემატიკოსის აზრით, ისინი შეიძლება ცალკე ქვეოჯახებად იქნენ გამოყოფილი.

ოჯახის ყველა წარმომადგენელს ნისკარტი მოკლე აქვს, პირი ფართო, რომლის კუთხეები აღწევენ თვალების წინა კიდეების დონემდე. ნისკარტზედას ძირში, პატარა ჩაღრმავებაში, ნესტოებია განლაგებული. ნისკარტზედას წვერო ქვემოთაა მოხრილი. გალო საკმაოდ გრძელია და წინიდან განივი ფირფიტებითაა დაფარული. პალეარქტიკული გვარების ზოგიერთ წარმომადგენლებს შუა თითის ბრჭყალის შიგნითა კიდეზე პატარა კბილაკები აქვთ.

რბენიები საშუალო სიდიდის ფრინველებია, რომელთაც აქვთ სწორად მოკვეთილი ან ოდნავ მომრგვალებული კუდი, საკმაოდ მაღალი ფეხები და შედარებით გრძელი ნისკარტი. ისინი შეგუებული არიან ხმელეთზე ცხოვრებას, აქვთ მსუბუქი და სწრაფი სირბილის უნარი, საკვებს ეძებენ და პოულობენ მხოლოდ მიწაზე. მერცხალებს ნისკარტი ძლიერ მოკლე აქვთ, მაგრამ პირი მეტად ფართო, ფრთები – გრძელი და მახვილი, კუდი – ღრმად ამოკვეთილი. მიწაზე სწრაფი და მსუბუქი სირბილის გარდა, მათ აქვთ სწრაფი და ხანგრძლივად ფრენის უნარი. ისინი ჰაერში იჭერენ მწერებს და ფრენის დროსვე იკვებებიან. ფრენისას ნამდვილ მერცხლებს მოგვაგონებენ. აქედანაა მათი სახელწოდების მსგავსებაც.

მერცხალასებრნი გავრცელებულია ე. წ. ძველ სამყაროში, ავსტრალიის ჩათვლით, მაგრამ უფრო რიცხვმრავლად აფრიკაშია წარმოდგენილი. ბინადრობენ ველებსა და უდაბნოებში, თუმცა ყოველთვის ირჩევენ წყლის მახლობელ ადგილებს. სსრ კავშირის ფარგლებში ბუდობენ რბენიებისა და მერცხალების თითო გვარის რამდენიმე სახეობა. საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლები.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები