მეტეხის ამაღლების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტეხის ამაღლების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხის აღოსავლეთით, გუგულაანთ უბნის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5X4 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. კონსტრუქციის ნაწილებში, კუთხეებსა და წირთხლებზე გამოყენებულია შირიმის ქვა. ჩამონგრეულია აღმოსავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აგრეთვე დანარჩენი კედლების ზედა ნაწილები ლავგარდნიანად. სახურავი აყრილია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ქვემოთ, კედელთან სატრაპეზო ქვაა მიდგმული. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს სწორკუთხა ნიშია, რომელშიც შიგნით დამატებითი, უფრო მცირე ნიშია. უფრო ზემოთ, აფსიდის ორივე მხარეს, კედელში თითო უბე-რეზონატორია, რომელთა თითო სწორკუთხა ხვრელი სარკმლის შესაბამის წირთხლშია გაჭრილი. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით, რომელზეც მარტივი სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. საკურთხევლის წინ დგას მცირე ზომის ორმალიანი კანკელი, რომელსაც მონგრეული აქვს თაღებშორისი სვეტი თაღების ქუსლების დონემდე. დარბაზი გადახურულია პილასტრებზე გადაყვანილი ცილინდრული კამარით, რომელსაც ორი შეკიდული საბჯენი თაღი აქვს: ერთი – დასავლეთ კედელთან, მეორე – კამარის შუა ნაწილში. დასავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია. ამავე კედლის სამხრეთ ნაწილში ერთი სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის ინტერიერი და კანკელი შელესილია. იატაკი დატკეპნილი მიწისაა. საკურთხევლის ბაქანი არ არის გამოყოფილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები