მეფისა მონადირე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეფისა მონადირე − მეფისა მონადირეს დედამ საგზალი – ხმიადები გამოუცხო და არჩვ-ჯიხვზე სანადიროდ გაისტუმრა.

გარიჟრაჟზე ავიდა მთაზე მონადირე. ის-ის იყო, საუზმე უნდა ეჭამა, რომ მაღლიდან კივილი მოესმა. მონადირეს მისთვის ყური არ უთხოვებია. ახლა მეორედ შემოესმა კივილი. და მონადირემ აიხედა მაღლა, ხედავს, ცას სწვდება თეთრი კლდე, კლდის წვერზე ოქროს ნაწნავებიანი დალი გადმომდგარა და კივის.

– ვინც არ უნდა იყო, მითხარ, რა გაგჭირვებიაო, – შესძახა დალს მონადირემ.

– კლდის დალი ვარ, ბავშვი კლდიდან გადმომიგორდა, ქვევით მგელი ყოფილა დადარაჯებული, დასტაცა პირი და გორს იქით გაუყენაო.

– ნუ შეწუხდები, მგელს მე გავეკიდები, ბავშვს გადავარჩენო! – აღუთქვა მონადირემ და გაეშურა. მცირე მანძილი რომ გაიარა, ხედავს, მგელი ქედ-ქედ მიძუნძულებს, დალის შვილი პირში უჭირავს. შეურჩია დრო მეფისამ, მიწვა ქედზე, სტყორცნა ისარი და იქვე გააგორა მგელი. მივიდა და ხედავს, პირი ღია დარჩენია მგელს. მეფისამ იგი გაატყავა, ტყავი წელზე შემოიკრა, ბავშვი მხარზე შეისვა და მიჰგვარა დედამისს – კლდის დალს. გახარებულმა დედამ თავისი ოქროს ნაწნავი გადმოუშვა, მეფისამ ბავშვი ნაწნავს შეაბა და დალმა ზევით აიყვანა შვილი. მადლიერმა დალმა მონადირეს სამი რამ შესთავაზა: ან ყოველდღე თითო შუნი, ან ყოველ სექტემბერს ცხრა ჯიხვი, თუ არადა, მასთან სამუდამოდ დარჩენა და ლამაზ დანიშნულზე უარის თქმა.

– არა, დედოფალო, სიყვარულს როგორ გაკადრებ. ვერც ჩემს დანიშნულზე ვიტყვი უარსო. – მიუგო მონადირემ. – ისევ მირჩევნია, ყოველ სექტემბერს ცხრა ჯიხვი მომაკვლევინოო.

კლდის დედოფალმა აუსრულა მონადირეს დანაპირები, მაგრამ არ აპატია, რომ ვაჟმა მოკვდავი დანიშნული არჩია კლდის დედოფალ დალის სიყვარულს და გადაწყვიტა შური ეძია.

სექტემბრის დანიშნულ დღეს მონადირეს კლდეებში დალის დანაპირები ცხრა ჯიხვი შემოეყარა. ერთი მათგანი ოქროს რქიანი იყო. დაუმიზნა მონადირემ ისარი ოქროსრქიან ჯიხვს. ისარი ასცდა ჯიხვს და ოქროს რქას მოხვდა. აისხლიტა რქამ ისარი და მონადირეს შიგ შუბლში შეუბრუნა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები