მეშველი ზმნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეშველი ზმნა - ზმნის ანალიზურ ფორმებში გრამატიკულ ფორმათა საწარმოებლად გამოყენებული დამხმარე ზმნა. მეშველი ზმნები წარმოშობით დამოუკიდებელი ზმნის ფორმებია.

მეშველი ზმნებია: ვარ, ხარ, იყავ, იყო. მაგ., მივდივარ, მიდიხარ, გავზრდილიყავი, გაზრდილიყო

ზოგიერთ ზმნას მეშველი დაერთვის მხოლოდ I და II პირში: ვუყვარვარ, უყვარხარ, მაგრამ: უყვარს; ვუყვარვართ, უყვარხართ, მაგრამ: უყვართ. ზოგიერთს კი – სამსავე პირში: გავზრდილიყავ, გაზრდილიყავ, გაზრდილიყო.

ძველ ქართულში მეშველად დასტურდება აგრეთვე შემდეგი ზმნები: ყოფს (ღაღად-ყო), იქმნა (უტყუ-იქმნა), უჩნს (ტკბილ-უჩნს), სდებს (სახელ-სდებს), სცა (ნათელ-სცა; წარწერად-სცა.

თანამედროვე ქართულში მეშველი ზმნები ყველაზე ხშირად შედგენილი შემასმენლის ზმნურ ნაწილად გამოიყენება. აქ დასტურდება ვარ და მისი მონაცვლე ზმნები. ვარ ზმნას მხოლოდ აწმყოს მწკრივის ფორმები მოეპოვება (ვარ, ხარ, არის, ვართ, ხართ, არიან). მყოფადის წრეში მას ენაცვლება ვიქნები (ვიქნებოდი, ვიქნებოდე), II და III სერიის მწკრივები კი ყოფა ზმნისაგან აქვს შევსებული: „ჩვენ სტუდენტები ვართ“; „შენ ჯიუტი გოგო ხარ“; „ისინი უკვე დაბრუნებულიც იქნებიან“; „მზე ალბათ გადასული იქნებოდა"; „ნინო კარგი მასწავლებელი იყო“; „მეგობარი ეროთგული უნდა იყოს“; „გიორგი ცოცხალი ყოფილა“ და სხვ.

ვარ ზმნის III პირის ფორმა ხშირად შეკვეცილია და დარჩენილია მხოლოდ თავკიდური ა, რომელიც შეერთებულია სახელად ნაწილთან („ნინო ჭკვიანი გოგოა“) ან რომელიმე სხვ. სიტყვასთან: („ირგვლივ უზარმაზარი მთებია აყუდებული“).

არის ერთპირიანი ზმნაა. როდესაც შედგენილ შემასმენელში ორპირიანი ფორმაა საჭირო, მაშინ მას ენაცვლება მაქვს ან მყავს: ,,მაქვს“ იმ შემთხვევაში, თუ შედგენილ შემასმენელთან სახელობით ბრუნვაში შეწყობილი სახელი უსულო საგანს აღნიშნავს, ხოლო „მყავს“– მაშინ, თუ ასეთად სულიერი სახელია. მაგ., „წერილი გაგზავნილი მაქვს“ (= ჩემი წერილი გაგზავნილია), „ბავშვი გაგზავნილი მყავს“ (= ჩემი ბავშვი გაგზავნილია). ამ ზმნებს II სერიის მწკრივები აკლია, ხოლო მყოფადის მწკრივებში იმავე ძირისაგან ნაწარმოები ენიანი ვნებითი ენაცვლება (მექნება, მეყოლება), III სერიაში კი გვაქვს მქონია (მქონოდა, მქონოდეს), მყოლია (მყოლოდა, მყოლოდეს).

„არის“ ზმნას (| და III სუბიექტურ პირში ენაცვლება გახლავს (ერთპირიანი ზმნის მნიშვნელობით). ეს ზმნა ლექსიკურად იგივეა, რაც „არის“, მხოლოდ იხმარება თავაზიან საუბარში. ამ ზმნას II სუბიექტური პირის ფორმა აკლია. აქ მას ენაცვლება ბრძანდები. ორივე ზმნა იხმარება შედგენილი შემასმენლის ზმნურ ნაწილად.

შემასმენელი, რომელიც სტატიკური ზმნით არის გადმოცემული, შეიძლება წინადადებაში შეიცვალოს შედგენილი შემასმენლით, რომელშიც ვნებითის მიმღეობა შედის (ანთია – დანთებულია; აბარია – ჩაბარებული აქვს). ე. ი. იქ, სადაც სტატიკური ფორმა არა გვაქვს, სწორედ შედგენილი შემასმენელი (ჩაბარებული აქვს ტიპისა) იხმარება.

მეშველ ზმნებად გამოიყენება აგრეთვე: გახდა („დათო სტუდენტი გახდა“), დარჩა („ყველა კმაყოფილი დარჩა“), ჰგონია („ავს კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია'), გამოდგა (ნინო კარგი დედა გამოდგა“), გამოვა („ის მართლა მხატვარი გამოვა”, ჩანს (გიორგი უენო ჩანს“) და სხვა.

მეშველი ზმნები დასტურდება აღწერითი ვნებითის ფორმებშიც (დაწერილ იქნა, აშენებულ იქნა... აქ სახელური კომპონენტი ვნებითის მიმღეობაა. ვნებითის მიმღეობა სახელად წევრად შედგენილ შემასმენელთანაც გვაქვს, მაგრამ ასეთი შედგენილი შემასმენელი აწმყოს წრეშიც იხმარება (აღწერითი ვნებითისაგან განსხვავებით) და მას II სერიაში „იყო“ მოუდის და არა „იქნა“ („წერილი დაწერილი იყო“, შდრ. „წერილი დაწერილ იქნა“). ასეთ შედგენილ შემასმენელს რელატიური ფორმებიც უკეთდება. ამ შემთხვევაში „არის“ ზმნას აწმყოში „აქვს“ და „ჰყავს“ ენაცვლება (,,თანხა გადახდილი მაქვს”, „თანხა გადახდილი მქონდა“; „ბავშვი გაგზავნილი მყავს“, „ბავშვი გაგზავნილი მყავდა“). პერიფრასტული (აღწერითი, ანალიზური) ვნებითი კი მხოლოდ აბსოლუტურ ფორმებს გვაძლევს და აქ აღარ ხდება გარჩევა სულიერისა უსულოსაგან (როგორც ეს შედგენილ შემასმენელთან გვქონდა). ყველგან „იქნება“ და „იქნა“ გამოიყენება (,თანხა გადახდილ იქნა“, „ბავშვი გაგზავნილ იქნა'). ანალიზურ ვნებითში მიმღეობა ფუძის სახით დასტურდება (როცა მიმღეობა წინ უსწრებს მეშველ ზმნას), შედგენილ შემასმენელთან კი მას სახელობითის ნიშანიც ახლავს თანამედროვე ქართულში.

მეშველი ზმნები დასტურდება სიტყვათა მყარ შეხამებაშიც (მაგ. „ჭკუაში დაუჯდა“ – მოეწონა..).

თ. ვაშაკიძე



ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ. 1953;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1977;
  • არაბული ა. „მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში, თბ. 1984;
  • ვაშაკიძე თ. ზმნის აღწერითი წარმოება ძველ ქართულში, თბ, 1994;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები