მინოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ დორე. მეფე მინოსი, ილუსტრაცია

მინოსი(ბერძნ.) კრეტის ლეგენდარული მეფე. ზევსისა და ევროპეს ძე, რადამანთისისა და სარპედონის ძმა. პასიფაეს მეუღლე. არიადნეს, ფედრასა და ანდროგეოსის მამა.

ფინიკიის მეფის ასული, ევროპე, ზევსს მოეწონა. თეთრ ხარად გარდასახულმა მოიტაცა ქალიშვილი და კუნძულ კრეტაზე მიატოვა (ევროპე). იქ ევროპემ შვა სამი ვაჟი: მინოსი, სარპედონი და რადამანთისი, რომლებიც იშვილა კრეტის მეფე ასტერიონმა, რადგანაც ევროპე შეირთო ცოლად. ასტერიონის გარდაცვალების შემდეგ კრეტის სამეფო ტახტზე აღზევდა მინოსი, რომელიც ბრძნულად განაგებდა ქვეყანას თავის მეუღლე პასიფაესთან ერთად.

ერთხელ მინოსმა განიზრახა განსაკუთრებული თაყვანი ეცა პოსეიდონისათვის, მაგრამ მისი საკადრისი მსხვერპლი არ ეგულებოდა თავის ჯოგში. მაშინ პოსეიდონმა მას მოუვლინა გასაოცარი სილამაზის თეთრი ხარი. მინოსი ისე მოიხიბლა ხარის მშვენებით, რომ სამსხვერპლოდ ვერ გაიმეტა და დიად ღვთაებას სხვა ხარი შესწირა მსხვერპლად. განრისხდა პოსეიდონი და აფროდიტეს სთხოვა, დაესაჯა პირის გამტეხი მეფე. აფროდიტემ პასიფაე ხარისადმი სიყვარულით აღაგზნო. ამ უჩვეულო სიყვარულის შედეგად დაიბადა მინოტავროსი – ურჩხული ადამიანის სხეულითა და ხარის თავით, რომელიც მხოლოდ ადამიანთა ხორცით იკვებებოდა. გაოგნებულმა მინოსმა ლაბირინთის აგება უბრძანა ხელოვან დედალოსს, რომელიც მის სამეფო კარს აფარებდა თავს.

მითები მინოსს ბრძენ და სამართლიან მეფედ აღიარებენ. თუმცა ათენურ თქმულებებში იგი ბერძენთა მტრად არის წარმოდგენილი და აი, რატომ:

ათენში გამართულ ზეიმში კრეტადან ჩამოსული მეფისწული, ანდროგეოსიც იღებდა მონაწილეობას. როდესაც ათენის მეფე ეგევსმა დაინახა, რომ იგი პანათენურ ასპარეზობებზე იმარჯვებდა, მისი თავიდან მოცილება განიზრახა. სასწრაფოდ გაგზავნა კრეტის ხარზე სანადიროდ, სადაც დაიღუპა კიდეც (არსებობს სხვა ვერსიაც: მეფემ იგი დამარცხებულ მოასპარეზეებს მოაკვლევინა). განრისხებულმა მინოსმა ომი გამოუცხადა ათენს და გა მარჯვებულმა უმძიმესი ხარკი დაადო: ათენელებს ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ კუნძულ კრეტაზე უნდა გაეგზავნათ შვიდი ქალწული და შვიდი ჭაბუკი, რათა ისინი საზარელ ხარ-კაცს, მინოტავროსს, შთაენთქა. ათენელები მანამ იხდიდნენ ამ ხარკს, ვიდრე მინოტავროსი არ მოკლა თესევსმა. მინოტავროსი ხომ დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში ბინადრობდა. საქვეყნოდ განთქმულმა ხუროთმოძღვარმა მეფე მინოსი დაარწმუნა, რომ ლაბირინთიდან თავის დაღწევის საიდუმლოს ვერავინ გაიგებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ დედალოსმა ეს საიდუმლო გაანდო მეფის ასულ არიადნეს, არიადნემ კი – თესევსს, რადგანაც პირველხილვისთანავე შეიყვარა. განრისხდა მინოსი და მოსაკლავად გაიმეტა დიდი ხელოვანი. დედალოსი გაიქცა, კუნძულ სიცილიამდე მიაღწია და იქ მეფე კოკალოსის სასახლეს შეაფარა თავი. კრეტის ძლევამოსილი მეფე მინოსი მოკლეს კოკალოსის ქალიშვილებმა, რომელთაც შეჰყვარებოდათ დიდებული ოსტატი. მათ მოჩვენებითი სტუმართმოყვარეობით სასახლეში მიიწვიეს მინოსი და აბაზანის მიღება შესთავაზეს. იქ კი უმოწყალოდ დამდუღრეს.

მინოსის სახელთან დაკავშირებულია აგრეთვე მეფე ნისოსის მითოსიც.

გარდაცვალების შემდეგ ღმერთებმა მინოსი მიწისქვეშა სამყაროს მსაჯულად დანიშნეს. რადამანთისთან და ეაკოსთან ერთად იგი განაგებს ჰადესში მოხვედრილ აჩრდილთა ბედს.

როგორც ჩანს, მინოსის მითოსში აისახა კრეტის ოდინდელი ძლევამოსილების ამბავი. ამ თემას ეხებოდა, ალბათ, ევრიპიდეს ტრაგედია „კრეტელები“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად კრეტაზე აღმოჩნდა უდიდესი ცივილიზაციის ნაშთი, რომელმაც განაცვიფრა მთელი სამყარო. ამ ცივილიზაციას მეფე მინოსის სახელის მიხედვით მინოსური უწოდეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები