ფედრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფედრა
ჟ. ლაგრენეს ნახატი (1795 წ.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი.

ფედრა(ბერძნ.) მინოსისა და პასიფაეს ასული, არიადნეს და. თესევსის მეორე ცოლი. დემოფონისა და აკამასის დედა, რომელსაც შეუყვარდა თავისი გერი, ჰიპოლიტოსი.

თესევსს ამორძალ ანტიოპესგან ჰყავდა ვაჟიშვილი ჰიპოლიტოსი. ანტიოპეს გარდაცვალების შემდეგ მან იქორწინა მინოსის ასულ ფედრაზე, ხოლო ჰიპოლიტოსი აღსაზრდელად მიაბარა პიტთევსს, არგოლისის ბრძენ გამგებელს, რომელმაც იშვილა იგი და ტროიძენის სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარა.

ჰიპოლიტოსი, ისევე როგორც მისი ამორძალი დედა, განსაკუთრებულ თაყვანს სცემდა ნადირობის მფარველ არტემისს. მან ტროიძენში დიდებული ტაძარი აუგო რჩეულ ქალღმერთს, რითაც განარისხა აფროდიტე. სიყვარულის ღვთაებამ ჭაბუკის დასჯა განიზრახა და ელევსინის მისტერიებზე მისულ ფედრას თავდავიწყებით შეაყვარა ჰიპოლიტოსი.

იმხანად თესევსი ათენში იმყოფებოდა. ამიტომ ფედრა ჩავიდა ტროიძენში, სადაც ააგო „მოთვალთვალე აფროდიტეს“ ტაძარი, რომელიც გიმნასიონს გადაჰყურებდა. სწორედ აქედან უთვალთვალებდა იგი ჰიპოლიტოსს, რომელიც ვარჯიშობდა სრბოლაში, ხტომასა და ჭიდილში. ტაძრის ეზოში იდგა მირტის ხე, რომლის ფოთლებსაც ჩხვლეტდა ფედრა ქვებით მოოჭვილი თმის სამაგრით გაუზიარებელი ვნებების გამო. მალე ჰიპოლიტოსი ათენს გაემგზავრა, რათა საყოველთაო ასპარეზობებში მიეღო მონაწილეობა. მის კვალს დაადგა ფედრაც, რომელიც ცდილობდა დაეფარა თავისი ვნება. იგი თითქმის არ ჭამდა, არ ეძინა და ისე დასუსტდა, რომ შეაშფოთა თავისი მხევლები. განსაკუთრებით წუხდა ძიძა, რომელიც მიხვდა, რაც ხდებოდა. მან აიძულა ფედრა, წერილი მიეწერა ჰიპოლიტოსისათვის, გაემხილა თავისი გულისთქმა.

მიიღო თუ არა ბარათი მეფისწულმა, ისე აღშფოთდა, რომ სასწრაფოდ გააქრო იგი, შემდეგ შეიჭრა ფედრას თალამოსში და ხმამაღლა დაუწყო ლანძღვა. ხოლო ფედრამ ფართოდ გააღო ყველა კარი, შემოიხია სამოსელი და მოჰყვა ძახილს: „მიშველეთ, პატივს მხდიანო!“ შემდეგ დაწერა ბარათი, სადაც ბრალს სდებდა ჰიპოლიტოსს საშინელ დანაშაულში და თავი ჩამოიხრჩო.

როდესაც თესევსმა ბარათი წაიკითხა, დაწყევლა ჰიპოლიტოსი და უბრძანა სასწრაფოდ დაეტოვებინა ათენი. მრისხანების ჟამს გაახსენდა, რომ ოდესღაც მისმა მამამ, პოსეიდონმა, სამი სურვილის აღსრულება აღუთქვა. „დიადო მამავ! – შეევედრა იგი ღვთაებას, – ტროიძენისკენ მიმავალ ჰიპოლიტოსს მოუვლინე შემზარავი მხეცი, რათა შებინდებამდე აღმოხდეს სული!“

ჰიპოლიტოსი მთელი სისწრაფით მიექანებოდა თავისი ქალაქისაკენ. ისთმოსის სანაპიროზე წამოიმართა უზარმაზარი ტალღა, საიდანაც გამოვარდა თეთრი ხარი. მისმა ბღავილმა და ნესტოთაგან ამოხეთქილმა წყლის ნაკადმა დააფრთხო ჰიპოლიტოსის ეტლში შებმული ცხენები. შეძრწუნებულებმა გეზი იცვალეს და უფსკრულისაკენ გაქანდნენ, მაგრამ ჰიპოლიტოსი გამოცდილი მეეტლე იყო და მსწრაფლ შეაკავა ისინი. მხეცი უკან დაედევნა ეტლს. ბოლოს და ბოლოს ჰიპოლიტოსმა ვეღარ შეძლო ცხენების მოთოკვა. იქვე არტემისის საკურთხეველი იყო აღმართული. მის მახლობლად კი ძველი ზეთისხილის ხე იზრდებოდა. მის დაგრეხილ რტოებში გაეხლართა ჰიპოლიტოსს სადავეები, ხოლო ეტლი კი კლდეს მიენარცხა და დაიმსხვრა. ჰიპოლიტოსს მაშინ აღმოხდა სული, როდესაც ცხენები მიწად მიათრევდნენ. მხეციც მყის გაქრა.

ამასობაში არტემისმა მოასწრო, სიმართლე განეცხადებინა თესევსისათვის და წამისუმალ გადაეყვანა იმ ადგილას, სადაც ცხენები მიათრევდნენ მის ძეს. მართალია, თესევსმა მიუსწრო სულთმობრძავ ჰიპოლიტოსს და შეურიგდა, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. სასოწარკვეთილ მამას ისღა დარჩენოდა, რომ მწარედ ეგლოვა უდანაშაულოდ დაღუპული შვილი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები