მისისიპის გამბუზია
მისისიპის გამბუზია – G. affinis (baird et girard)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი: კბილებიანი კობრების ოჯახი
გვარი: გამბუზიები
სახეობა: მისისიპის გამბუზია
თევზის სახეობა გამბუზიების გვარისა. ზურგის ფარფლში 7 სხივია (ორი უკანასკნელი ერთადაა მიღებული), ანალურში, ჩვეულებრივ, 10 სხივი. თვალის ქვედა ლაქა კარგად არის გამოსახული. ანალური ფარფლის პირველი წაგრძელებული სხივის უკანა კიდე (მამლებში) მოკაუჭებულია. მეორე წაგრძელებული სხივის უკანა შტოს კაკვები მოკლე და თითქმის სწორია; ყველაზე ზედა კაკვი ამ შტოს უკანა სხივისა მოკლეა და 2-3 წევრისაგან შედგება.
ქერცლების რიცხვი განივ მწკრივში 32-33-ია, თავი შედარებით განიერია და ზემოდან გაბრტყელებული. მამლების. უფრო პატარა, ვიწრო და ნაკლებ გაბრტყელებულია. მართალია დინგი წინ მკვეთრად არ არის გამოშვერილი, მაგრამ ქვედა ყბა უფრო წაგრძელებულია და თანაც ზემოთაა აშვერილი. ზურგის ფარფლების დასაწყისი დედლებში ანალური ფარფლის ფუძის უკანა ვერტიკალზე მოდის, მამლებს კი შედარებით წინ აქვთ გადმოწეული. მუცლის ფარფლები სიდიდისა და ფორმის მხრივ ორივე სქესის ინდივიდებს მსგავსი აქვთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მამლებს მუცლის ფარფლები უფრო წინა აქვთ წამოწეული (მკერდის ფარფლის სიგრძის შუა ვერტიკალის წინაა). ხოლო დედლების მკერდის ფარფლები მუცლის ფარფლების ფუძეს ოდნავ სცილდება და ანალური ფარფლების დასაწყისს ძლიერ დაშორებულია. მამლების მკერდის ფარფლები კი ანალური ფარფლების დასაწყისს შესამჩნევად დაშორებულია. ზურგის ფარფლი ორიეე სქესის გამბუზიას ერთნაირი აქვს. მამლების ანალური ფარფლის III-IV და V სხივი დაგრძელებულია და სახეშეცვლილ საკოპულაციო ორგანოდ არის გადაქცეული. მთელი სხეული საკმაოდ მსხვილი ქერცლითაა დაფა- რული (ლაყუჩის სახურავი, თხემი, შუბლი და თვალის ქვედა არე). ქერცლის კიდეებზე პიგმენტებია გაბნეული. ისინი ზურგზე და გვერდების ზემო ნაწილში უფრო ხშირად არიან წარმოდგენილი, ხოლო სხეულის დაბლა და განსაკუთრებით მუცელზე მეტად სუსტადაა განვითარებული ან სრულებით არა აქვთ, მუცლისა და ანალური ფარფლები უფერო სადაა, მაგრამ ზურგისა და კუდის ფარფლები ან უფერული, ან სუსტი სურათითაა გამოსახული.
გავრცელებულია მდ. მისისიპის აუზში, გვხვდება ჭაობებში, ტბებში, ტბორებში და არხებში.