მისტერიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისტერიები(ბერძნ.) „საიდუმლოებანი“. სახელმწიფოებრივ კულტთა თაყვანისცემის იდუმალი რელიგიური წეს-ჩვეულებანი, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საბერძნეთსა და რომში. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ განდობილებს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ შეენახათ საიდუმლოდ ყველაფერი, რაც კი ხდებოდა მისტერიებისას (ლოცვები, ღვთაებათა საიდუმლო სახელები, რომელთაც ღვთისმსახურებისას წარმოთქვამდნენ და ა.შ.).

მისტერიის საიდუმლოს ზიარებას მისტაგონია ეწოდებოდა, ხოლო განდობილს – მისტესი. განდობა იწყებოდა განწმენდით, შემდეგი საფეხური იყო მსხვერპლის შეწირვა, ბოლოს ხდებოდა ღვთაებასთან ზიარება. მისტერიათა დროს აღსრულებული რელიგიური რიტუალები ხშირად წმინდა საიდუმლოთა თეატრალიზებული წარმოდგენით ბოლოვდებოდა. ასე მაგალითად, ბაკქანალიის მონაწილენი წარმოსახავდნენ დიონისეს ტანჯვას, სიკვდილსა და კვლავ აღდგომას. ელევსინიებს ზიარებულნი – პერსეფონეს მოტაცებას. მისტერიებში მნიშვნელოვანი იყო ახლადზიარებულთათვის მითოსის მისტიური აზრის განდობა.

მისტერიები ძირითადად ღამით სრულდებოდა ხოლმე საზეიმო სვლის, მუსიკის, სიმღერისა და როკვის თანხლებით. ძველ საბერძნეთში აღმატებული პოპულარობით სარგებლობდა დემეტრესა და პერსეფონეს პატივსადები მისტერიები (ელევსინიები), კაბირთა კულტთან დაკავშირებული სამოთრაკიული და დიონისური (ბაკქური) მისტერიები.

რომში ფართო აღიარება მისტერიებმა რესპუბლიკური ხანის დამლევს მოიპოვეს. სწორედ იმ დროს გავრცელდა იქ ბერძნული, უფრო მეტად კი აღმოსავლური რელიგიური შეხედულებები. რომაული იმპერიის ბოლო ხანებში რომში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა ბახუსის (ბაკქანალიები), კიბელეს, ისისისა და მიტრას პატივსადები მისტერიები.

თავდაპირველად ამ იდუმალებით მოცულ დღესასწაულებს განდობილთა ღვთაებასთან ზიარების დანიშნულება უნდა ჰქონოდა. რელიგიურ წარმოდგენათა სრულყოფის კვალდაკვალ „განდობა“ მოითხოვდა ზნეობრივ სიწმინდეს, რაც თავისთავად იმქვეყნიური ნეტარების საწინდარი უნდა ყოფილიყო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები