მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი გაიოზი

მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი)მიტროპოლიტი გაიოზი, ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი.

დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში. 1963 წელს დაამთავრა საგარეჯოს საშუალო სკოლა, რის შემდეგ ჩაირიცხა და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო მანამდე თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს, სასულიერო განათლების მისაღებად ჩაერიცხათ მცხეთის ახალგახსნილ სასულიიერო სასწავლებელში, მაგრამ პატრიარქის კანცელარიამ სამხედრო ბეგარის მოუხდელობის გამო უარი უთხრა საბუთების მიღებაზე. 1965 სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ აღდგენილ იქნა თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯერ საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის, შემდეგ – პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად. ახალგაზრდობიდანვე რაიონული და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ხასიათის სამეცნიერო წერილებს, სტატიიებს. ბიძინა კერატიშვილი ახლოს იცნობდა საგარეჯოს წმიდა დოდოს ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძეს, რომელიც 1903 წლიდან იყო შემოსილი. მამა ევაგრე საქართველოს ეკლესიის ისტორიის ცოცხალი მატიანე იყო, მას ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობდა ბიძინა კერატიშვილი. ევაგრე დიასამიძემ დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდის მსოფლმხედველობის ფორმირებაში, მისი რეკომენდაციით წარსდგა იგი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II–ის წინაშე.

1969 წელს უწმიდესი ეფრემ II-ის რჩევით ბიძინა კერატიშვილმა დატოვა საერო სამსახური და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, ერთი წლის შემდეგ პატრიარქის კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში საქმის მწარმოებლად. 1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი. 17 დეკემბერს ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აკურთხა დიაკვნად, 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად. მღვდელმონაზონი გაიოზი აგრძელებდა საპატრიარქოს კანცელარიაში საქმიანობას, ამავე დროს მას ევალებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1972 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს დაუგზავნა შეტყობინება მღვდელმონაზონ გაიოზის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანის შესახებ და გამოითხოვა წერილობითი პასუხი. 1972 წლის 24 მარტს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სინოდმა წილკნელ ეპისკოპოსად გამოარჩია მღვდელ-მონაზონი გაიოზი. 26 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი წილკნელ ეპისკოპოსად კურთხევა, რომელსაც ესწრებოდა ყველა მოქმედი მღვდელმთავარი. 1972 წლის 26 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

უწმიდესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად და სასულიერო სემინარიის რექტორად დანიშნა. სემინარიაში იგი კითხულობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ჰომილეტიკას, საეკლესიო სამართალს.

1977 წლის 4 ივნისს, უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი გაიოზი დაჯილდოებული იყო საქართველოსა და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ორდენებით. 1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V, მიტროპოლიტმა გაიოზმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ასარჩევად მხარი დაუჭირა ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს (პეტრიაშვილი) და ამ პოზიციაზე ურყევად იდგა 1977 ის 20 დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, მან 23 დეკემბერს სიონში გამართულ XII ეკლესიო კრებაზე ხმა მისცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტი გაიოზი გადაყვანილ იქნა ურბნისის ეპარქიის მმართველად და ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ მიტროპოლიტი გაიოზი დაპატიმრებულ იქნა საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. 1979 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი. გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გადაგზავნილ იქნა დაღესტანში, საიდანაც განთავისუფლებულ იქნა 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. მიტროპოლიტი გაიოზი გარდაიცვალა 2016 წლის 19 მარტს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 22 მარტს დაიკრძალა საგარეჯოს ნინოწმიდის საკათედრო ტაძრის გალავანში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

გაიოზ (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები