მიჩმანური კვანძი
მიჩმანური კვანძი - გადმოცემით, ამ კვანძს მიჩმანები ატარებდნენ ქუდზე მიმაგრებულს, ამან განაპირობა მისი დასახელება. ეს ძალზე ლამაზი, წმინდა დეკორატიული კვანძი უსამართლოდ არის მივიწყებული და არც ერთ გამოცემაში არ გვხვდება.
მისი შეკვრა ბრტყელი კვანძის გაგრძელებაა. ბრტყელი კვანძის შეკვრის შემდგომ მისი წინმავალი ნაწილები, რომლებიც აუცილებლად ერთმანეთის ჯვარედინად უნდა მდებარეობდნენ, საჭიროა გავატაროთ იმ მიმართულებით, საითაც “იცქირებიან” და მეორე მხრის ძირითადი ნაწილის შემოვლით ამოვუყაროთ შუაში ქვემოდან. ამის შემდეგ კვანძი თანაბრად და ძლიერ უნდა დავჭიმოთ.
ამ კვანძს მეზღვაურები იყენებენ როგორც კლიტეს. მოკლედ და მჭიდროდ შეკრულ კვანძს გამოშვერილ ბოლოებს შეაჭრიან. თუ ვინმე ამ კვანძს გახსნის, მის თავიდან შეკვრას ვერ შეძლებს თოკის სიმოკლის გამო.
მიჩმანური კვანძის გამოყენება შეიძლება საზღვაო საქმეშიც, საჩერებლად, ღუზაზე ამოსაბმელად, ჩვეულებრივი მოუჭიმვადი ყულფის მაგიერ და სხვა, მაგრამ დღეს მისი დანიშნულება მაინც წმინდა დეკორატიულია.