მიწისძვრების რუკა
მიწისძვრების რუკა – (earthquake map), გეოფიზიკური რუკა, რომელიც გამოსახავს მიწისძვრებთან დაკავშირებული მოვლენების განლაგებას, თვისებრივ და ოდენობრივ დახასიათებას, ეპიცენტრებს, მიწისძვრის კერის სიღრმეს, ინტენსიურობას, განმეორებადობას, ცუნამს და სხვა თანმხლებ მოვლენებს. არსებობს: ეპიცენტრების, მიწისძვრის კერების, სეისმური დარაიონების და სხვა რუკები. მათ შესადგენად გამოიყენება შესაბამისი სახვითი საშუალებები, მაგ.: იზოსეისტები (მიწისძვრების ერთნაირი ინტენსიურობის შემაერთებელი ხაზები). მიწისძვრის კერის ენერგია განისაზღვრება როგორც მაგნიტუდა, ხოლო ზედაპირული ეფექტი, როგორც ინტენსიურობა. მაგნიტუდით მიწისძვრების შეფასების დროს იყენებენ ამერიკელ სეისმოლოგ ჩარლზ რიხტერის მიერ 1935 წლიდან გამოყენებულ სკალას (1-9). ინტენსიურობის შეფასება ხდება 12 ბალიანი სკალით.