მოკლე ნაწნავი (საზღვაო კვანძი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოკლე ნაწნავი

მოკლე ნაწნავი - ისევე როგორც ყველა ნაწნავის, მისი დანიშნულებაა ორი გვარლის ერთმანეთთან შეერთება შეზრდის გზით. მოკლე ნაწნავი მარტივია და გრძელ თავისუფალ ბოლოებს არ თხოულობს.

მოკლე ნაწნავის საშუალებით, არალითონური ორი გვარლის ერთმანეთთან შესაზრდელად, მათი ბოლოები უნდა გავშალოთ ისეთ სიგრძეზე, რომ ერთმანეთში სამ-ოთხჯერ გასაყრელად გვეყოს. გვარლი რომ ზედმეტად არ დაიშალოს, მარკები უნდა დავადოთ იმ ადგილებზე, რომლის შემდეგაც გაუშლელი ნაწილი იწყება. ხშირად საჭირო ხდება მარკების დადება ძარღვების ბოლოებზეც, მათი შემდგომი აჩეჩვის თავიდან ასაცილებლად. ორივე გვარლი მჭიდროდ უნდა მივუახლოვოთ ერთმანეთს მარკადადებული ნაწილებით ისე, რომ ყოველი გვარლის თითო ძარღვი, მეორე გვარლის ორ ძარღვს შორის იყოს მოთავსებული და ძარღვები ურთიერთსაპირისპირო მხარეს იშლებოდნენ.

გავაკეთოთ ხვრელი შემხვედრი გვარლის ერთ-ერთი ძირითადი ძარღვის ქვეშ და გავუყაროთ მასში მეორე გვარლის ის წინმავალი ნაწილი, რომელიც მასთან ახლოსაა. შემდეგ, შევაბრუნოთ გვარლი მარჯვნიდან მარცხნივ და გავუყაროთ ძირითადი გვარლის სხვა, მომდევნო ძარღვის ქვეშ სათანადო წინმავალი ძარღვი. იგივე გავაკეთოთ უკანასკნელი ძარღვისთვისაც. ამის შემდეგ მარკები უნდა შევაჭრათ და გაყრილი ძარღვები კარგად მოვჭიმოთ. კიდევ ერთხელ გავუყაროთ ყველა ძარღვი იმავე მიმართულებით და მოვჭიმოთ ისინი. ამის შემდეგ დავიწყოთ მეორე გვარლის ძარღვების გაყრა საპირისპირო მიმართულებით.

როდესაც ძარღვებს ორივე მიმართულებით ორ-ორჯერ გავუყრით და საგულდაგულოდ მოვჭიმავთ, საჭიროა თითოეული ძარღვის შემადგენელი სიმების რაოდენობა დანით გავანახევროთ, რითაც ძარღვი დაწვრილდება და კიდევ თითოჯერ გავიმეოროთ გაყრები. ხელახალი მოჭიმვის შემდეგ ძარღვები კვლავ გავანახევროთ, რის შემდეგაც ყოველ ძარღვს ძაფების მეოთხედი შერჩება. კვლავ გავუყაროთ თითოჯერ ორივე მიმართულებით. მოვჭიმოთ ძარღვები და ბოლოები შევაჭრათ ისე, რომ ნაწნავის გარეთ მცირე ნაწილი დარჩეს, ნაწნავის დაშლის თავიდან ასაცილებლად, თუ სინთეზური მასალის გვარლი გვაქვს, კარგია დარჩენილი ბოლოების მოწვა ცეცხლის ალზე. საბოლოოდ ნაწნავს ისე დაბეგვავენ, რომ თანაბარი მრგვალი ფორმა მიიღოს.

მოკლე ნაწნავი გვარლს მნიშვნელოვნად ამსხვილებს, რაც რამდენადმე აძნელებს მის გავლას ბლოკებსა და ხვრელებში.

მოკლე ნაწნავი გამოიყენება როგორც ლითონის, ისე სინთეზური და მცენარეული გვარლების ერთმანეთთან შესაზრდელად.



წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები