მომსახურების სფერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომსახურების სფერო - (services sphere, sector), ეროვნული ეკონომიკის იმ დარგთა და ეკონომიკური საქმიანობის იმ სახეობათა ერთობლიობა, რომლებიც აწარმოებენ მატერიალურ და არამატერიალურ მომსახურებას. მომსახურების სფერო გაეროს სსდკის მიხედვით, ეკონომიკის მესამეული სექტორია. პირველად სექტორად აღიარებულია სოფლის მეურნეობა (მასთან ერთად: ნადირობა, სატყეო მეურნეობა და მეთევზეობა), ხოლო მეორეულად - ინდუსტრია (სამთომოპოვებითი და გადამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა). ამასთან, მესამეულ სექტორში გათვალისწინებულია მომსახურების მხოლოდ „ხილული” სახეები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების კვალობაზე ცალკე, დამოუკიდებელ დარგებად და ქვედარგებად ჩამოყალიბდა. მასში არ შედის მომსახურების ის „უხილავი” სახეები, რომლებიც შერწყმულია მეურნეობის პირველადი და მეორეული სექტორების უშუალო ეკონომიკურ საქმიანობასთან. ესენია: სამმართველო სამსახურის, ფირმების, საკონსტრუქტორო, საპროექტო განყოფილებების მომსახურება, საქარხნო მეცნიერება, მუშაკთა შიდაწარმოებრივი სწავლება და ა.შ.

ეკონომიკის მესამეული სექტორის მკვეთრად განსხვავებულ დარგთა ერთ სფეროში გაერთიანებას განაპირობებს ის გარემოება, რომ მათში დასაქმებულთა შრომის სასარგებლო ეფექტი მომსახურების სახით ვლინდება. გაეროს ეროვნული ანგარიშების სისტემის კლასიფიკაციაში, სახელდობრ, „ეკონომიკური სახეების პროდუქციის კლასიფიკაციაში” მომსახურების სფერო დაყოფილია საბაზრო და არასაბაზრო მომსახურებად, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა ოთხ ჯგუფად:

  1. საბაზრო მომსახურების მწარმოებელი დარგები, ანუ საბაზრო დარგები;
  2. არასაბაზრო მომსახურების მწარმოებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების დარგები;
  3. არასაბაზრო მომსახურების კერძო არაკომერციული ორგანიზაციების დარგები;
  4. დარგები, რომლებიც შედგება საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის არასაბაზრო მომსახურებისაგან.

მომსახურების სფეროს ასეთი დაყოფა საშუალებას აძლევს სტატისტიკურ ორგანოებს, ამ ნიშნის მიხედვით აწარმოონ გაანგარიშებები. მაგ., XXI საუკუნის დასაწყისში საბაზრო მომსახურების ხვედრითი წონა ევროპული გაერთიანების ექვსი წამყვანი ქვეყნის (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გფრ-ის, ჰოლანდიის) ერთობლივ დამატებულ ღირებულებაში შეადგენდა 50%-ს, მაშინ როდესაც გადამამუშავებელი მრეწველობის ხვედრითი წონა მხოლოდ 30%-ს უდრიდა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები