საბაზრო მომსახურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბაზრო მომსახურება - (market service), მომსახურება, რომელიც იყიდება საბაზრო ფასით და ერთეული მომსახურების მწარმოებელი რესურსები (50 პროცენტი და მეტი) იქმნება მომსახურების რეალიზაციით მიღებული ამონაგებიდან.

გაეროს ეროვნული ანგარიშების სისტემის კლასიფიკაციის მიხედვით, საბაზრო მომსახურებას მიეკუთვნება:

  • ნარჩენების (ჯართის, მაკულატურის, ჩვრების და ა.შ.) უტილიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება;
  • ავტომობილების, მოტოციკლების, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტთან დაკავშირებული მომსახურება;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობის, კომერციული შუამავლობის, საბინაო მეურნეობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების, სარკინიგზო ტრანსპორტისა და თანმხლები მომსახურება, საქალაქო ტრანსპორტის (მეტროს, ტრამვაის ხაზებისა და რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის ჩათვლით), საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო ტრანსპორტის, მილსადენი ტრანსპორტის, სხვა სახის სახმელეთო ტრანსპორტის (ფუნიკულიორი, საბაგირო გზა), წყლის ტრანსპორტის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის, დამხმარე სატრანსპორტო, სატრანსპორტო სააგენტოებისა და სატრანსპორტო შუამავლების მომსახურება; სასაწყობო მომსახურება;
  • კავშირგაბმულობის, საფინანსო, სადაზღვევო დაწესებულებების მომსახურება (სავალდებულო სოციალური დაზღვევის გარდა);
  • საწარმოებისათვის გაწეული საქმიანი მომსახურება (საფინანსო და სადაზღვევო აგენტების, იურისტების, კონსულტანტების მომსახურება გადასახადებისა და მართვის სფეროში, სარეკლამო მომსახურება, მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მომსახურება;
  • მოძრავი ქონების არენდასთან დაკავშირებული მომსახურება; საბაზრო მომსახურება განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში (უმაღლესი სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, სკოლამდელი დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები);
  • საბაზრო მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (საავადმყოფოები, კლინიკები, სანატორიუმები, სამედიცინო პერსონალის კერძო პრაქტიკა);
  • საბაზრო მომსახურება დასვენებისა და კულტურის სფეროში, პირადი მომსახურება ხელოვნების, ლიტერატურისა და ა.შ. სფეროში;
  • ნაგვის გატანასთან, სანიტარიასა და დალაგებასთან დაკავშირებული საბაზრო მომსახურება;
  • ტურისტული ბაზების, პროფესიული, კომერციული და სამეწარმეო გაერთიანებების მომსახურება;
  • სამრეცხაოების, ქიმწმენდის, საპარიკმახეროების, სილამაზის სალონების, ფოტოსტუდიების და სხვა პირადი მომსახურება;
  • საქორწინო და დამკრძალავი სააგენტოების მომსახურება, მკითხაობა და ა.შ.

საბაზრო მომსახურება დამახასიათებელია მატერიალური მომსახურებისათვის, თუმცა, ნაწილობრივ, არამატერიალურშიც გამოიყენება, მაშინ როდესაც არასაბაზრო მომსახურება ნიშანდობლივია ძირითადად არამატერიალური მომსახურებისათვის.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები