მორიელი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
მორიელი – მორიელს ეგვიპტელები ორაზროვნად აღიქვამდნენ. არსებობდა უამრავი შელოცვა მის წინააღმდეგ და მისი ნაკბენის მოსარჩენად. იმავდროულად ითვლებოდა, რომ მორიელი თავისი ძალით ღმერთებს ემსახურებოდა. ლეგენდის თანახმად, შვიდი მორიელი ისიდას სდევდა თან მისი მოწინააღმდეგეების მოსაგერიებლად.ხანდახან თვითონ ისიდა მორიელის სახით გამოისახებოდა. მორიელის ფიგურები ამულეტების სახით ნაპოვნია გვიან წინადინასტიურ და ადრედინასტიურ ფენებში. მორიელის სახე ჰქონდა ასევე ქალღმერთ სელკეტსაც. ძველად არსებობდა კიდევ ერთი მორიელის სახის ქალღმერთი ხედედეტი, რომელიც პირამიდების ტექსტებში (1876) და მკვდართა წიგნში რას შვილად არის მოხსენიებული. თუმცა მორიელის მაგიური ძალა ძირითადად ქალღმერთებთან იყო დაკავშირებული. წინადინასტიურ პერიოდში „მორიელი“ ერქვა ფარაონს, და იმ დროის არქეოლოგიური მასალა გვამცნობს, რომ იმ პერიოდში მორიელი სამეფო ძალაუფლებასთან იყო ასოცირებული.