მორფემა
მორფემა – ბერძნ. morphe – ფორმა და -eme – რთული ტერმინების შემადგენლობაში ენის სტრუქტურული ერთეულის მაწარმოებელი), გრამატიკის ძირითადი ერთეული. მორფოლოგიური ანალიზის უმცირესი, შემდგომ განუყოფელი ერთეული.
ტერმინი „მორფემა“ გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით. ძირითადია ორი გაგება: 1. სიტყვის შემადგენელი უმცირესი ერთეული, რომელსაც აქვს მხოლოდ გრამატიკული მნიშვნელობა. ამ გაგებით მორფემა უპირისპირდება ლექსემას, როგორც ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელ ერთეულს. მორფემებად, ჩვეულებრივ, მიჩნეულია აფიქსები, თუმცა ხშირად ასეთებად განიხილება აგრეთვე ტონი, მახვილი, სიტყვათა რიგი და მისთ.ზოგჯერ მორფემის საპირისპიროდ,
ძირეული მორფემის აღსანიშნავად გამოყენებულია ტერმ. სემანტემა.
2. სიტყვის შემადგენლობაში მნიშვნელობის მქონე უმცირესი ერთეული, მინიმალური ნიშანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ან გრამატიკული, ან ლექსიკური მნიშვნელობა. სიტყვა, რომელიც შედგება ერთი მორფემისაგან, იქნება მონომორფემა (ხე, პეპელა, მაგრამ, რომ…), ხოლო სიტყვა, რომელშიც შედის ერთზე მეტი მორფემა – პოლიმორფემა (კაც-უნებ-ი, მი-ფრინ-ავ-ენ, უ-მაღლ-ეს-ი…). სიტყვის სიღრმე განისაზღვრება მასში შემავალი მორფემების რაოდენობით. ხაზობრივ მიმდევრობაში მორფემათა განლაგებას შეისწავლის მორფოტაქტიკა. მორფემების მიერ გამოხატული მნიშვნელობის მიხედვით განსხვავებულია გრამატიკული და ლექსიკური
მორფემები. გრამატიკულია მორფემები, რომლებიც გამოხატავენ მხოლოდ სრულმნიშვნელობიან სიტყვებს შორის მიმართებებს, გრამატიკულ კატეგორიებს, ან აწარმოებენ ახალ სიტყვებს. იმის გამო, რომ გრამატიკული მორფემები, აფიქსები, დამოუკიდებლად არ არსებობენ, განისაზღვრებიან როგორც დამოკიდებული მორფემები. გრამატიკულ მორფემას, რომლებიც ლექსიკურ მნიშვნელობას მოკლებული დამოუკიდებელი სიტყვებით გამოიხატება, უწოდებენ ფუნქციურ სიტყვებს. ზოგჯერ აფიქსისეული მორფემები სიტყვაში შეიძლება არც იყოს გამოხატული, ე. ი. წარმოდგენილი იყოს როგორც ნულოვანი მორფემა, მაგრამ სხვა მორფემებთან დაპირისპირებით, იგი მაინც ქმნიდეს სიტყვის გარკვეულ ფორმას (შდრ. მხ. რიცხვი კაც-ი – მრ. რიცხვი. კაც-ებ-ი). გრამატიკული მორფემების ინვენტარი ენებში რაოდენობრივად საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ ძალზე დიდია მათი გამოყენების სიხშირე და მნიშვნელობა ტექსტის მთლიანობის შექმნაში. გრამატიკული მორფემებისაგან განსხვავებით, ლექსიკური, ძირეული მორფემები, რამდენადაც მათთან დაკავშირებულია სიტყვათა საგნობრივი მნიშვნელობები, ყოველთვის გამოხატულია (ქალ-, ხელ-, კედელ-, ურო, ძმა,…). ისინი გამოიყენებიან ახალი სიტყვების ასაგებად (სა-ყურ-ე, სვან-ეთ-ი, ეკალ-ნარი, კეთილშობილი, შორიახლო,). ლექსიკური მორფემები, როგორც დამოუკიდებლად არსებული სიტყვები, განისაზღვრებიან როგორც თავისუფალი მორფემები.
ტერმინი მორფემა ენათმეცნიერებაში შემოიტანა ი. ბოდუენ დე კურტენემ (1877), რომელიც იყენებდა მას როგორც სიტყვის მორფოლოგიური ნაწილების (გრამატ. მორფემების), ისე შემდგომ დაუშლელი სიტყვების (ძირების) აღსანიშნავად. მორფემის, როგორც გრამატ., ისე ლექსიკური მორფემების აღმნიშვნელი ტერმინის ნაცვლად საერთო სახელწოდებად ფრანგულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებულია ტერმინი მონემა (ა. მარტინე), ტერმინი მორფემა კი გამოიყენება მხოლოდ გრამატ. მორფემის სინონიმად.
მორფემები, როგორც ემიკური (სემიოტიკური მნიშვნელობის მქონე) ერთეულები, აბსტრაქციებია, რომლებიც მეტყველებაში რეალიზდება კონკრეტული ვარიანტებით (იხ. ალომორფი, მორფი).
განხილული დეფინიციების მიხედვით, მორფემა არ არის უნივერსალური ცნება: სიტყვის შემადგენლობაში სიტყვაზე მცირე გრამატიკული სეგმენტების გამოყოფის შესაძლებლობა არ არის აბსოლუტური. ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ ენებში ასეთი შესაძლებლობის სხვადასხვა ხარისხზე (ჯ. ლაიონზი). მაგ., თუ თურქულში (აგლუტინაციური) ენის სიტყვა ადვილად ნაწევრდება შემადგენელ მორფემებად, ფლექსიური ტიპის ენისათვის ანალიზის ეს პრინციპი ძნელად გამოსაყენებელია. ასე, ლათინურში ერთი მორფემა მაგ., us (dom-us „სახლი“) ერთდროულად აღნიშნავს სახელობით ბრუნვასაც და მხოლობით რიცხვსაც (შდრ. ანალოგიური ვითარება ქართულში, სადაც, მაგ., მორფემა ზმნის ფორმებში ერთდროულად აღნიშნავს III სუბიექტურ პირს და მხოლობით რიცხვს). მორფემის ცნების გამოყენებისათვის დაბრკოლება არსებობს ე. წ. „ამორფულ ენებშიც“ და ა. შ. ყველა მსგავსი შემთხვევისათვის გამოსავლის ძიება მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.
ი. ქობალავა