მორფემების ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორფემების ლექსიკონილექსიკონი, რომელშიც წარმოდგენილია ენაში არსებული მორფემები და მოდალური ელემენტები, დახასიათებული მორფოლოგიური და სემანტიკური თვალსაზრისით.


ქართული ენისათვის შედგენილია ამ ტიპის ლექსიკონი – „ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი“ (ავტორები: ბ. ჯორბენაძე, მ. კობაიძე, მ. ბერიძე, თბ., 1988). ლექსიკონის პრინციპები შეიმუშავა ბ. ჯორბენაძემ.

ლექსიკონში შეტანილი და განმარტებულია აგრეთვე დამოუკიდებელი მნიშვნელობის ის ფორმებიც, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანდებულების, ნაწილაკებისა ან მეშველი ზმნის დანიშნულებით (წინ. ქვეშ, უნდა, არის…). მორფემის დანიშნულებით გამოყენებული არამორფემული წარმოშობის ელემენტები მორფემოიდებად არის განმარტებული. ლექსიკონში შეტანილია ყველა ის მორფემა და მოდალური ელემენტი, რომელიც გამოვლენილია ძვ. ქართულში, ახალ ქართულ სალიტერატურო ენასა და მის დიალექტებში; განმარტებულია ის მორფემებიც, რომლებიც გამოიყოფა ეტიმოლოგიური ანალიზის საფუძველზე. ცალკეა გამოტანილი რთული შედგენილობის მორფემები (მ-ა-, მ-ე, -ი-ან. ოე-ან…), რომელთაც მთლიანობაში ეკისრებათ ამა თუ იმ გრამატიკული და ლექსიკური მნიშვნელობის გამოხატვა; შესაბამის ადგილას განმარტებულია ის შემთხვევებიც. როცა რთული მორფემების შემადგენელი მორფემები დამოუკიდებლად მონაწილეობს ფორმა- ან სიტყვაწარმოებაში.

მორფემების ლექსიკონში განმარტებულია მორფემათა ფონეტიკური ნაირსახეობანი. შესაბამისი მინიშნებით გამოყოფილია ფონეტიკური დანართებიც; წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი მნიშენელობა, რომლებიც ამა თუ იმ მორფემას ან მოდალურ ელემენტს აქვს ენაში. ძირითად განმარტებას ახლავს დამაზუსტებელი შენიშვნები; სადაც ეს შესაძლებელია, წარმოდგენილია ცნობები მორფემათა გენეზისის შესახებაც.

ცირკუმფიქსები მორფემების ლექსიკონში წარმოდგენილია შესაბამისი პრეფიქსისა და სუფიქსის ჩვენებით დამოუკიდებლად, ოღონდ აუცილებელი მითითებით, თუ რომელი პრეფიქსი რომელ სუფიქსთანაა შეწყვილებული, და პირიქით. ცირკუმფიქსში შემავალი სუფიქსებიც ანბანთრიგზეა გაწყობილი, რაც მათ მოძებნას აადვილებს.

მორფემების ლექსიკონში განმარტებულია ისეთი მორფემებიც, რომელთა მნიშვნელობაც ამჟამად დაჩრდილულია (ორ-მოცი, ბედ-ნ-იერი). დანართის სახით მოცემულია იმ მორფემათა ჩამონათვალი, რომლებიც ნასესხებ სიტყვებში გამოიყოფა.

ც. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები