მორფი (ენათმეცნიერება)
მორფი – (ბერძნ. morphe – ფორმა),
1. მნიშვნელობის მქონე მინიმალური ერთეული, რომელიც გვევლინება ტექსტში მორფემის კონკრეტულ ვარიანტად, პოზიციურ ექსპონენტად. მორფემა სიტყვაში რეალიზებულია ერთი ან მეტი მორფით. ალტერნატიულ მორფებს უწოდებენ ალომორფებს. მორფემასთან მიმართებით მორფები განიხილება როგორც: ცარიელი, როდესაც ვერ ხერხდება სიტყვის ფორმალური ნიშნის ლოკალიზება მორფემის მიმართ, ან შერწყმული (კონტამინირებული, (portemanteau), როდესაც ერთი მორფი შეიძლება მიემართებოდეს ერთზე მეტ მორფემას. ზოგჯერ მორფის ნიმუშად დასახელებულია აგრეთვე სუბმორფემა – მორფემის ნაწილი, რომელიც სიტყვებში მეორდება ერთი და იმავე ფორმითა და მნიშვნელობით, მაგ., ინგლ. sl სიტყვებში: slimy „ლორწოვანი“, „ბლანტი ლამი“ და slug „ზოოლ. ლოქორა“, „მატლი“, „ლიფსიტა“ (შდრ. ქართ. წვ სიტყვებში: წვერი, წვეტი, წვრილი, წვნიკი…).
2. ამერიკულ ლინგვისტურ ტერმინოლოგიაში მორფი გაგებულია როგორც მორფემის – ემიკური ერთეულის (-იან. ფორმის) – კონკრეტული სუბსტანციური (ფონიკური, გრაფიკ.) რეალიზაცია ტექსტში.
ი. ქობალავა