მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსუბუქი დეპრესიული აშლილობისთვის იგივე, ოღონდ ნაკლები ინტენსივობის სიმპტომებია დამახასიათებელი, რაც მძიმე ფორმების შემთხვევაში. ნაწილობრივ ეს ასეა, თუმცა მსუბუქი დეპრესიისას სხვა დამატებითი სიმპტომებიც ვითარდება, რომლებიც ნაკლებადაა გამოხატული მწვავე მდგომარეობის დროს. ასეთი სიმპტომები წარსულში აღწერეს, როგორც „ნევროზული“ და მათ მიეკუთვნება: შფოთვა, ფობიები (შიში), ობსესიური სიმპტომები და, უფრო იშვიათად, დისოციაციური სიმპტომები. ორივე DSM-IV და ICD-10 კლასიფიკაციებში შედის მსუბუქი დეპრესიის კატეგორია, რომელიც დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმებში ჯდება, მაგრამ ამ შემთხვევაში დეპრესიული სიმპტომები რაოდენობრივადაც ცოტაა და სიმწვავითაც ნაკლები.

„ნევროზული“ სიმპტომების გარდა, რომლებიც თან ახლავს ზოგიერთ შემთხვევას, მსუბუქი დეპრესიული აშლილობებისათვის დამახასიათებელია ცუდ გუნებაზე ყოფნა, ადვილად დაღლა, ინტერესების დაქვეითება და გაღიზიანებადობა. დარღვეულია ძილიც, თუმცა დამახასიათებელია არა დილით ადრე გაღვიძება, როგორც ეს მძიმე დეპრესიის დროს ხდება, არამედ უფრო ხშირია ჩაძინების გართულება და ღამე ხშირი გამოღვიძება, რასაც ძირითადად ძილი მხოლოდ გამთენიისას მოჰყვება. „ბიოლოგიური“ ნიშნები (უმადობა, წონის კლება და ლიბიდოს დაქვეითება) ხშირ შემთხვევაში არ შეინიშნება. თუმცა, გუნებ-განწყობა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება - დილასთან შედარებით საღამოს უფრო მძიმდება. პაციენტს გარეგნულად შესაძლოა არც ეტყობოდეს ათრგუნულობა ან მოძრაობის შენელება. ბოდვები და ჰალუცინაციები არ აღინიშნება.

ყველაზე იოლ ფორმებში ეს შემთხვევები იძენს მსუბუქი აფექტური აშლილობების ფორმას.როგორც შემდგომ იქნება ნაჩვენები, მათი კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია. მსუბუქი აშლილობების უმრავლესობა საკმაოდ ხანმოკლეა; დაწყებას განაპირობებს პიროვნული წარუმატებლობა, ხოლო, როცა სიტუაცია იცვლება, მაშინვე იკლებს ან ხდება ახალ გარემოებებთან შეგუება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება თვეობით ან წლობით და იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებს, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომატიკა არ უარესდება. ამ ქრონიკულ დეპრესიულ მდგომარეობას დისთიმია ეწოდება. ტერმინით ციკლოთიმიური დარღვევა აღნიშნავენ გუნებ-განწყობის ხანგრძლივ არასტაბილურობას, როცა ხშირია მსუბუქი დეპრესიისა და აღტაცების ეპიზოდები. მიჩნეულია, რომ იგი ბიპოლარული აშლილობის მსუბუქი ვარიანტია. უფრო მძიმე გუნებ-განწყობის დარღვევების დროს, არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა დისთიმიისა და ციკლოთიმიური აშლილობის მქონე ადამიანებს უვითარდებათ უფრო სერიოზული დარღვევები ან პირიქით (Judd et al., 1998, 2002); ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში მსუბუქი სიმპტომები შესაძლოა მხოლოდ რედუცირებულად გამოხატავდეს გუნებ-განწყობის მძიმე დარღვევებს.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები