მუსიკალური ფესტივალი
მუსიკალური ფესტივალი – კონცერტებისა და სპექტაკლების ციკლი, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საზეიმო ვითარებაში და რომელსაც აქვს საერთო სახელწოდება და პროგრამა. არსებობს მონოგრაფიული (ერთი კომპოზიტორის მუსიკისადმი მიძღვნილი), თემატური (გარკვეული ჟანრის, ეპოქის ან სტილური მიმართულებისადმი მიძღვნილი), საშემსრულებლო ოსტატობის და სხვ. მუსიკალური ფესტივალები ტარდება რეგულარულად (2-3 წელიწადში ერთხელ) ან მუსიკალური ცხოვრების რაიმე საზეიმო მოვლენასთან დაკავშირებით. მუსიკალური ფესტივალი წარმოიშვა ინგლისში (ლონდონი 1709 ) და თავდაპირველად საეკლესიო მუსიკას უკავშირდებოდა. XIX ს. II ნახევარში ეწყობოდა ევროპის მრავალ ქვეყანაში. ფართოდ გავრცელდა XX ს-ში. მუსიკალური ფესტივალების უმრავლესობა მიზნად ისახავს ხალხთა შორის კულტურული კავშირის დამყარებას და საერთოდ მუსიკის პროპაგანდას.