მუსიკა თეატრში
მუსიკა თეატრში – თეატრალური სპექტაკლის, როგორც მუსიკალურის (ოპერა, ბალეტი, ოპერეტა, მუსიკალური დრამა, მუსკომედია), ისე დრამატულის (ტრაგედია, დრამა, კომედია, ვოდევილი) მუსიკა. მუსიკალურ თეატრში მუსიკა განსაზღვრავს სასცენო წარმოდგენის დრამატურგიას და ხასიათებისა და სახეების გახსნის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს, დრამატულ თეატრში კი იგი პიესის მხატვრული ხორცშესხმისათვის დამხმარე, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. დრამატულ თეატრში მუსიკის როლის ზრდა მას მუსიკალურ თეატრთან აახლოებს. ჩნდება შერეული ჟანრები; მაგ., პროლოგი, როგორც დამოუკიდებელი პიესა, დივერტისმენტი, ოპერა-ვოდევილი, ინგლისური ნიღაბი, აღმ. ხალხების და სხვ. ხალხების თამაშობანი და წარმოდგენები. დრამატული მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ანტიკურ ტრაგედიასა და კომედიაში, იტალიურ კომედია დელ არტეში, ჩინურ თეატრში და სხვ. მუსიკა რომელიც უშუალოდ პიესის სიუჟეტითაა განპირობებული (სოლო და საგუნდო სიმღერა, როიალზე და გიტარაზე დაკვრა და სხვ.), თეატრში სრულდება სცენაზე, ამასთან მსახიობი ხშირად შესრულების იმიტაციას ახდენს, მუსიკა კი სცენის მიღმა ჟღერს. მუსიკა, რომელსაც სცენური გაფორმებისათვის მიმართავენ, უმთავრესად მუნჯი და მიმიკური სცენების დროს ჟღერს, ან მონოლოგებისა და დიალოგების ფონს წარმოადგენს. XX ს-ში მუსიკალური გაფორმებისათვის თეატრში ხშირად იყენებენ ხმის ჩამწერ ხელსაწყოებს.