მუქთამჭამელა (ტურგენევი)
„მუქთამჭამელა“ (Нахлебник) – რუსი დრამატურგის ივანე ტურგენევის პიესა.
ივანე ტურგენევმა „მუქთამჭამელა“ 1848 წელს დაწერა. პიესის პირველი რედაქცია განკუთვნილი იყო მესამე ნომრად „სამამულო ჩანაწერებისთვის“, მაგრამ 1849 წელს ცენზურამ ნაწარმოები აკრძალა. პირველად პიესა ჟურნალში „სოვრემენიკი“ გამოქვეყნდა სათაურით „უცხო პური. კომედია ორ მოქმედებად“. პიესის მესამე რედაქცია ავტორმა 1861 წელს შექმნა მიხაილ შჩეპკინის საბენეფისოდ, რომელიც 1862 წელს დაიდგა მოსკოვის დიდ თეატრში. პიესის ეს ვარიანტი 1869 წელს გამოქვეყნდა. ცენზურამდელი ვარიანტი კი არასდროს დადგმულა. იტალიელმა კომპოზიტორმა ცეზარე დალოლიომ პიესის მიხედვით დაწერა ოპერა, რომელიც აქამდე დადგმული არ არის.
პიესის „მუქთამჭამელა“ პეტერბურგული პრემიერა 1862 წელს შედგა მსახიობ ფეოდოსია სნეტკოვას საბენეფისოდ. 1889 წელს კი პეტერბურგის ალექსანდრინსკის თეატრში პიესის მხოლოდ პირველი მოქმედება დაიდგა მსახიობ ვლადიმერ დავიდოვის საბენეფისოდ. პიესა პარიზში 1890 წელს თეატრში „ლიბრი“ (Théâtre libre) დაიდგა, რომელიც ანდრე ანტუანმა განახორციელა. პიესა დადგმულია - მოსკოვის სამხატვრო თეატრში (1912, 1913, 1969), ალექსანდრინსკის თეატრში (1916), მოსკოვის მცირე თეატრში (1924, 1959), ასევე კიევის (2013) და პენზის (2019) სახელმწიფო დრამატულ თეატრებში.
პიესის მიხედვით შექმნილია რამდენიმე მხატვრული და სატელევიზიო ფილმი. 1972 წლის ეკრანიზაციაში მთავარ როლს მიხაილ იაშკინი ასრულებს. მანამდე მოსკოვის სამხატვრო თეატრის დადგმაშიც მთავარ როლს მიხაილ იაშკინი ასრულებდა. პიესის გმირები ცხოვრებისგან სარგებელს ეძებენ, კეთილდღეობისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან, შენიღბულები ნამდვილ სახეს არ აჩვენებენ და ამ ნამდვილი სახის დამალვაში ფულსაც იხდიან.