მუხრანბატონის სასახლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მუხრანბატონის სასახლე - არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ მუხრანის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში. სასახლე ეკუთვნოდა მსხვილ ქართველ მემამულეს, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონს (1809-95 წწ.), რომელიც ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მან დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 წელს ი. მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინე სპეციალისტები, დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო ღვინის ქარხანა (ტევადობა დაახლ. 1 მლნ. 200 ათ. ლ), სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდნენ. 1882 წელს ამ ქარხანაში დამზადებულმა ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო – სახელმწიფო გერბი. ღვინის ქარხანა სასახლის ვრცელ კამაროვან სარდაფებს გვირაბით უკავშირდებოდა.

სასახლე (53X41 მ) ნაგებია აგურით, გარედან შელესილია. დგას მაღალ ცოკოლზე. მისი ძირითადი კორპუსი ორსართულიანია, რომლის მთავარი, სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კიდეში სამსართულიანი წახნაგოვანი კოშკი დგას, ხოლო დასავლეთ კიდეში ორსართულიანი ნახევარწრიული ერკერია. ამ ორ ასიმეტრიულ მოცულობას შორის მოქცეული საზეიმო კიბე განიერ ტერასაზე ადის. კიბის პირდაპირ მთავარი შესასვლელია, საიდანაც შეიძლება შესვლა კვადრატულ ჰოლში. ჰოლი გვერდითი კარებით სასახლის შუა რიგის სათავსებს უკავშირდება, ხოლო მთავარ ღერძზე გაჭრილი კარით – სამეჯლისო დარბაზს (7,4X17,3 მ, სიმ. 6,8 მ), რომელსაც ჩრდილოეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდში სცენაა მოწყობილი. ტერასის მარცხენა კიდეში არსებული შესასვლელით სასახლის დასავლეთ ნაწილის დერეფანში შეიძლება შესვლა. სამეჯლისო დარბაზის ორივე მხარეს, სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე, ორივე სართულზე სამეურნეო, სანიტარული და სხვ. დანიშნულების სათავსებია განლაგებული. სასახლეს დამატებითი შესასვლელებიც აქვს აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს. ჩრდილოეთით, დამხმარე სათავსებს შორის ორი ორმარშიანი კიბის უჯრედია. მეორე სართულზე, შუა რიგში, პირველი სართულის ტერასის სიგანეზე, ღრმა ლოჯიაა, რომელიც თავდაპირველად შემინული ყოფილა. სასახლის დასავლეთ ნაწილში, ორივე სართულზე, დარბაზები, საცხოვრებელი და საძილე ოთახები მრავალი გადასასვლელითა და დერეფნითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ბევრია ღია ტერასაც. ყველა სათავსს დიდი ფანჯრები აქვს.

ფასადებზე ფანჯრები ორ იარუსადაა განლაგებული. იარუსებს შორის პროფილირებული სარტყელია, ქვედა იარუსის კარ-ფანჯარა ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, ხოლო მეორე იარუსის ფანჯრების გადახურვა ბრტყელია და მხოლოდ კუთხეებთანაა მომრგვალებული. ფანჯრებს შორის გლუვი ან შუაში ამოღარული პილასტრებია, რომელთა პროფილირებულ კაპიტელებს ფანჯრის გადახურვის იმპოსტები ეყრდნობა. პარაპეტები, მეორე სართულის ფანჯრებს ზემოთ, და ტერასების მოაჯირები ორნამენტირებულია. სასახლის ნივნივებზე გამართული სახურავი თუნუქისაა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები