მშენებლობის კონსერვაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშენებლობის კონსერვაცია – დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6 თვეზე მეტი დროით შეჩერება, როდესაც ხდება მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რის შესახებაც ეცნობება მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

კონსერვაცია გულისხმობს ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვას, მისი კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობებისა და ტერიტორიების უსაფრთხოებას. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პროცესი მოიცავს: ა) სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერებას; ბ) კონსერვაციის პირობების განსაზღვრას და კონსერ-ვაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას; გ) დამკვეთის მიერ ობიექტის პერიოდულ დათვალიერებას უსაფრთხოების მიზნით.

ობიექტის კონსერვაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ მოხდეს მისი ფიზიკური ცვეთა, კერძოდ: ობიექტიდან გატანილი უნდა იქნეს ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები; არ უნდა მოხდეს ლითონის კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და ელემენტების კოროზია; რკინაბეტონის კვანძები უნდა დაიფაროს ბეტონით; საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა იქნეს ფერდების ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისგან; დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები; ყოველგვარი მასალა (ფიცრები, ყალიბები, ცემენტი, გაჯი და სხვ.) ისე უნდა დასაწყობდეს, რომ არ მოხდეს მათი ჩამოვარდნა, ჩამოცვენა, გაფრქვევა, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ან დაზიანება, არ მოჰყვეს სხვა გაუთვალისწინებელი შედეგები; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი); დაკონსერვებული ობიექტი არ უნდა იქნეს გამოყენებული საწყობად, სათავსად, დროებით საცხოვრებლად და სხვა დანიშნულებით; ამწე-მექანიზმები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას ნებისმიერი ამინდის პირობებში; საინფორმაციო დაფაზე უნდა გაკეთდეს თვალსაჩინო აღნიშვნა ობიექტის კონსერვაციის შესახებ და სხვ. შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყ-ვანისას დგება კონსერვაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერს ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) და კონკრეტული ობიექტისათვის სახელმწიფო ზედამხედველობის პასუხისმგებელი პირი. შენობა-ნაგებობის კონსერვაცია შესაძლებელია არაუმეტეს სამი წლისა, ხოლო განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში – არაუმეტეს ერთი წლისა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები