მშველიეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშველიეთი – სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ქსნისა და ჭურთის გამყოფი ქედის (მთის) დასავლეთ კალთაზე.

სახელწოდბა

ადგილობრივ გავრცელებული გადმოცემის მიხედვით სოფლის სახელწოდება წარმომდგარა იმ ორი შველის მიხედვით, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ სოფელში, არ უფრთხოდნენ არც ადამიანებს, არც ძაღლებს, შეერეოდნენ სოფლის ნახირს, შებინდებისას კი კვლავ ტყეს მიაშურებდნენ. ხალხში ცოცხლობდა რწმენა, რომ ეს შვლები იყვნენ დედინაცვლის მიერ ტყეში გადაყრილი ორი ობოლი და-ძმა, რომლებიც თურმე ერთ ნუკრმოკლულ დედა შველს თავისი რძით დაეზარდა. დადიოდნენ ასე ერთად ეს შვლები ღრე-ტყეში, ველ-მინდვრებში, სოფლებში და დედის ნაკვალევს დაეძებდნენ (სოფიო ბერიანიძის მონათხრობი).

ქართულ ტოპონიმიაში, მართალია, აქა-იქ დასტურდება ცხოველ-ფრინველთა სახელებისაგან წარმომდგარი -ეთ სუფიქსით გაფორმებული გეოგრაფიული სახელები (კაკაბ-ეთ-ი, (მ)სვენ-ეთ-ი, გვეძინ-ეთ-ი, კვერნ-ეთ-ი, ქორ-ეთ-ი, ბატ-ეთ-ი, ბუ-ეთ-ი), მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი აშკარად გვაროვნული (ანთროპონიმული) წარმოშობის ერთეულია. ამაზე მეტყველებს არა მარტო -ეთ სუფიქსი, რომელიც უპირატესად გვართაგან მომდინარე სოფლის სახელებში იჩენს თავს, არამედ ის ძველი დემოგრაფიული აღწერების მასალაც, რომელშიც XVIII საუკუნის დამლევის ქსნის ხეობის ონომასტიკონი არის წარმოდგენილი. ამ აღწერილობათა მიხედვით 1780-იანი წლებისათვის მშველიეთი -ანის გარეშე წარმოითქმოდა (და იწერებოდა) ამასთან საყურადღებოა, რომ შველიეთის ძველ მოსახლეთა შორის გვხვდება ხიზანი ოჯახი, საცხოვრებლად გადმოსული ხადის ხეობის (მთიულეთი) სოფელი სეთურკარიდან, გვარად მშველაიძე (დათუნა და გლახა). საფიქრებელია, რომ სოფლის სახელწოდება მშველიეთი სწორედ მშველაიძეთა აქ გადმოსვლისა და დამკვიდრების შემდეგ იყოს წარმოქმნილი. თვით გვარი მშველაიძე მომდინარეობს შველ-ა ფორმისაგან (შდრ. საკუთ. სახელები: მგელ-ა, კურდღელ-ა, ფოცხვერ-ა, დათვი-ა...) იგი ნიშნავს: „შველივით სწრაფი, ამასთან მოხდენილი ადამიანი“. აქედანვეა წარმომდგარი გვარები: მშველიძე||შველიძე და შველაშვილი.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები