მშვიდობის ხიდი (თბილისი)
მშვიდობის ხიდი (ინგლ. Bridge of Peace) – ლითონისა და მინის საქვეითო (საფეხმავლო) ხიდი. მდებარეობს ქ. თბილისის ცენტრში, მდინარე მტკვარზე, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. აიგო 2009-2010 წლებში. არქიტექტორი – იტალიელი მიკელე დე ლუკი, რომელიც მეტწილად თავისი დიზაინერული ნამუშევრებითაა ცნობილი. განათების დიზაინერი – ფრანგი ფილიპ მარტინო. მშენებლობას აწარმოებდა იტალიური კომპანია „პერმა სტელიზა“.
არქიტექტორის მიზანი იყო შეექმნა ნაგებობა, რომელიც არა მარტო ეფექტური იქნებოდა, არამედ მთლიანად შეცვლიდა მეგაპოლისის ინტონაციას. მან წინა პლანზე წამოსწია ხიდის მთავარი იდეა, შეერთების იდეა და შედეგად შექმნა ორიგინალური ნაგებობა, სინუსოიდური ფორმის თითქოს ქარისგან აფრიალებული სახურავით გადახურული დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის. ხიდის კონსტრუქცია წარმოადგენს ლითონის (ფოლადის) ბადისებრ კარკასს, ხოლო შემავსებელია – მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. სახურავი, რომელშიც გაერთიანებულია არქიტექტურა და კონსტრუქცია, წარმოადგენს ერთიან მემბრანას, შექმნილს რკინის მილების კარკასით, რომლებიც მოპირკეთებულია ტრაპეციისებური ფორმის შუშის პანელებით. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადის სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდებულია კარკასზე ბაგირებით (ხიდი მთლიანად რიყეზე აიწყო და მერე მოხდა მტკვარზე მისი გადმოტანა და ადგილზე დამონტაჟება). ბილიკი მდინარის თავზე 5 მ-მდე სიგანისაა, ბოლოებისკენ კი 2 მ-მდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია ერეკლე II-ის ქუჩიდან და რიყის მოედნიდან, ასევე მტკვრის სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ხიდის ცენტრში შექმნილი ერთგვარი „მოედნიდან“ ძველი თბილისის შესანიშნავი ხედი იშლება.
ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა. არქიტექტურული თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავ ნიმუშს, რომელმაც თავისებური ხიბლი შემატა ძველი თბილისის უბანს. იგი თბილისის მაცხოვრებელებისა და ტურისტების უსაყვარლეს ადგილად იქცა და განახლებული თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქმება.
ანალოგიური დასახელების ხიდები აგებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელთაგან აღსანიშნავია: მდინარე ნიაგარაზე (აშშ, კანადა), ქ. ულან-ბატორში (მონღოლეთი), ქ. კეელუნგში (ჩინეთის რესპუბლიკა, ტაივანი), ქ. კალგარიში (კანადა) და სხვ.