მცირე ჭრელი კოდალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე ჭრელი კოდალა (ლათ. Dendrocopos minor Linnaeus, 1758) − ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან.

მცირე ჭრელი კოდალა კოდალებს შორის ყველაზე პატარაა, ფრთა 90-100 მმ-ია, კუდი − 50-70 მმ, ნისკარტი – 12-15 მმ, წონა − 20-30 გ. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება უმნიშვნელოა. მამალს შუბლი ღია ფერის აქვს, თავი ზემოდან – მკვეთრი წითელი, კეფა, ზურგის წინა ნაწილი და კუდის ზემო მფარავები – შავი. ზურგის შუა ნაწილი თეთრია, განივი შავი ზოლებით. საჭის ცენტრალური წყვილი მთლიანად შავია, ხოლო კიდურა წყვილი – თეთრი, წვეროს მახლობლად შავი ზოლით. პირველი რიგის მომქნევები მურა-შავია, საკმაოდ ფართო ლაქებით. შავი ფერის მეორე რიგის მომქნევებზე თეთრი განივი ლაქებია. თავის გვერდები თეთრია; ყელი, ჩიჩახვი და მუცლის უკანა ნაწილი – მოთეთრო, მუქი გასწვრივი სიჭრელით. ნისკარტის ძირში იწყება და ყელის გვერდებზე გასდევს შავი ზოლები, ე. წ. „ულვაშები“. დედალს თავზე წითელი ფერი არა აქვს, შუბლი და თხემი თეთრია.

აღწერილია 14 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური მცირე ჭრელი კოდალა – D. m. colchicus Buturlin, 1908.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს: დასავლეთით – აზორის კუნძულებიდან, ალჟირიდან და ბრიტანეთიდან, აღმოსავლეთით – კამჩატკამდე, სახალინამდე, იაპონიამდე და კორეამდე; ჩრდილოეთი საზღვარი გადის სკანდინავიაში 70-ე პარალელზე, სსრკ ევროპულ ნაწილში – მაღალტანიან ტყის საზღვარზე, აზიაში – ქვემო ტუნგუსკის სათავეებთან და ანადირის აუზის დასავლეთ ნაწილში; სამხრეთით – ბალკანეთში, მცირე აზიაში, ირანში, მონგოლეთსა და მანჯურიაში. საქართველოში მობინადრეა.

ბიოტოპი

ფოთლოვანი და შერეული ტიპის ტყეები, ჭალები და ღები. დასავლეთ საქართველოში ხშირადაა წიფლნარებსა და რცხილნარებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

ბუდობს ხის ფუღუროებში. მაისის პირველ რიცხვებში დებს 5-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

კვება

მცირე ჭრელი კოდალა მხოლოდ მწერებით, მეტწილად ტყის მავნებლებით იკვებება. ზაფხულში ჭამს ხეებზე ღიად მცხოვრებ, ხოლო ზამთარში – ქერქის ქვეშ მიმალულ მწერებს.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები