მცხეთის ნაქალაქარის სვეტიცხოვლის უბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცხეთის ნაქალაქარის სვეტიცხოვლის უბანი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სვეტიცხოვლის კომპლექსის მიდამოებში. 1975-85 წლებში მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე) გათხარა რამდენიმე მონაკვეთი – სვეტიცხოველი I, II, IV, V. ძეგლი მრავალფენიანია, თარიღდება ძვ. წ. I საუკუნით – გვიანდელი ფერდლური ხანით. მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

სარჩევი

სვეტიცხოველი I

სვეტიცხოველი I, მდებარეობს სვეტიცხოვლის ტაძრის დასით 30-40 მეტრზე.

I ფენაში, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება, გამოვლინდა კერამიკული წყალსადენი და რიყის ქვის რამდენიმე კედლის ფრაგმენტი წყალსადენი 2 მეტრის სიღრმეზეა, შედგება თიხის ვიწრო მილებისაგან და მოთავსებულია კირხსნარის ბუდეში.

II ფენა XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. აქ გამოვლინდა შენობათა კედლების ფრაგმენტები, კერები, ქვევრები, წყალსადენის თიხის მილები.

III ფენა IV-V საუკუნეებისაა, შეიცავს ნატეხი ქვით ნაგებ შენობათა კედლის ფრაგმენტებს. შემორჩენილია კედლის წყობის 2-3 რიგი (სისქე 0,7 მ). ნაგებობათა გეგმის წაკითხვა არ ხერხდება. ამავე ფენაში აღმოჩნდა თხელკედლიანი მინისა და წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის (ცალყურა, პირგადაშლილი, სფერულმუცლიანი ქოთანი, ყელწიბოიანი სამტუჩა ხელადა) ნატეხები, რკინისენიანი ოთხწახნაგა ბრინჯაოს ზარაკი 7 ოქროს ბეჭედი, ხელსაფქვავის ქვის ფრაგმენტი.

IV ფენა, რომელიც I-III საუკუნეებით თარიღდება, შეიცავს ორფერდასახურავიან კრაშიტსამარხებს. სამარხები აგებულია ღარისებრი და ბრტყელი კრამიტებით. ზოგიერთი სამარხის გრძივ კედლებს გასდევს ოთხი ღარისებრი კრამიტისაგან შემდგარი ბორდიური. ფსკერზე, აღმოსავლეთ კედლის ძირში გამართულია წყვილი ღარისებრი კრამიტისაგან შემდგარი სასთუმალო ზოგიერთი სამარხი გაძარცულია. ერთ-ერთ კრამიტსამარხში აღმოჩნდა მდიდრული სამარხეული ინვენტარი: სამტუჩა, პირმრგვალი და ყელწიბოიანი თიხის ხელადა, თიხის ჭრაქი, ფერუმარილის სასრესი ნიჟარა, უცხოური წარმოების მინის სანელსაცხებლები, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერის მინაბაძები, ვერცხლის მონეტები, სამკაულები – ნატიფი ოქროს ყელსაბამი და წყვილი საყურე, ოქროს წყვილი სათითე-ბეჭედი ოვალური თვალბუღით (ერთში ალმანდინის თვალი ინტალიოთი, რომელზეც ქალღმერთი ნიკეა გამოსახული, მეორის ბუდეში ჩასმულ სარდიონზე ამოკვეთილია გრძელკაბიანი ქალღმერთი პროფილში), რკინის ბეჭედი ინტალიოთი, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ოქროს კილიტები, ფერადი პასტისა და მინის მძივები და მძივსაკიდები, საწერი მოწყობილობის კომპლექტი.

V ფენა თარიღდება ძვ. წ. I საუკუნით. შეიცავს ქვაყუთებს, ორმოსამარხებსა და ქვევრსამარხებს. ქვევრსამარხებად გამოყენებულია წითლად გამომწვარი სქელკედლიანი ქვევრები, რ-ებიც დევს გვერდზე ჰორიზონტალურად. შიგ ასვენია თითო ან ორი ჩონჩხი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ქვევრსამარხებში აღმოჩნდა ჩალისფრად გამომწვარი ანგობირებული მრგვალპირიანი და სამტუჩა ხელადები, ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლები, სამაჯურები, პასტის გიშრის, მინის მძივები, რკინის დანები.

სვეტიცხოველი II

სვეტიცხოველი II მდებარეობს ტაძრის დასავლეთით 50-60 მეტრზე - პარკში.

I ფენა, რომელიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება, შეიცავს შენობის კედლების ფრაგმენტებს.

II ფენა XI-XII საუკუნეებისაა, აქ გამოვლინდა ნაგებობათა კედლების ფრაგმენტები, ქვევრები, კრამიტები.

III ფენა თარიღდება IV-VI სუკუნეებით. შეიცავს ქვევრებს, სამზარეულო კერამიკას, რიყის ქვითა და თიხით ნაგებ კედლების ფრაგმენტებს ქვევრები ორი ტიპისაა: ა) მოჩალისფრო-მოვარდისფროდ გამომწვარი სქელ-კედლიანი, პირგადაშლილი, დაბალ-ყელიანი, სფერული მუცლითა და მომრგვალებული ძირით; ბ) მოჩალისფროდ გამომწვარი თხელკეციანი, ბრტყელპირიანი, დაბალყელიანო ოვალურმუცლიანი, რელიეფურსარტყლიანი, ბრტყელძირა ქვევრებიც.

კერამიკა მოწითალოდ და მოვარდისფროდაა გამომწვარი, თხელკეციანია, ფორმები დაგრძელებულია, ყელ-ყელა. ზოგი მათგანი შემკულია ამოღარული ტალღური ორნამენტით. ეს კერამიკა მსგავსია აღმოსავლეთ საქართველოს ადრინდელი ფეოდალური ხანის ძეგლებზე (ახალი არმაზი, ჟინვალი, ურბნისი, რუსთავი, ლოჭინი და სხვ.) მოპოვებული კერამიკისა.

IV ფენა თარიღდება III საუკუნით, შეიცავს ქვის ფილებით გადახურულ თიხისფილა სამარხებს. მიცვალებულები გულაღმა ასვენია. სამარხებში აღმოჩენილი ჩალისფრად გამომწვარი ყელწიბოიანი ხელადა, ვერცხლის გემიანი ბეჭედი, მძივები ანალოგიურია გვიანდელი ანტიკური ხანის მცხეთა-სამთავროს მრავალრიცხოვან სამარხებში აღმოჩენილი მასალისა.

V ფენა, რომელიც II-III საუკუნით თარიღდება. დაზიანებული და დამწვარია. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კერამიკას: სამტუჩა და ყელწიბოიან ხელადებს, რელიეფური კოპებით შემკულ ხელადისებურ სასმისებს, ქვევრებს და ბრტყელ, გვერდებაკეცილ კრამიტს, რომელიც ზომით საგრძნობლად განსხვავდება გვიანდელი ანტიკური ხანის მცხეთური კრამიტისაგან. მოპოვებული მასალა მსგავსია გვიანდელი ანტიკური ხანის ქართლის სამარხებსა თუ ნამოსახლარებზე აღმოჩენილი მასალისა.


სვეტიცხოველი IV

სვეტიცხოველი IV მდებარეობს მ. მამულაშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.

აღმაშენებლის ქუჩაზე, მონასტრის ხევსა და სტამბის შენობას შორის, მიწის ზედაპირიდან 2,25 მეტრისის სიღრმეზე აღმოჩნდა გვიანდელი ელინისტური ხანის კულტურული ფენა (სისქე 0,5 მ), რომელიც შეიცავდა მოწითალო-მოყავისფროდ ანგობირებულ კერამიკას – მცხეთა-სამთავროს ქვევრსამარხებში დადასტურებული მასალების მსგავსს და სინქრონულ ძეგლებს.

გვიანდელი ანტიკური ხანის ფენაში (სისქე 1,0 მ), რომელიც უშუალოდ ელინისტური ხანის მასალების შემცველ კულტურულ ფენაზე იდო, აღმოჩნდა მასალები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ქართლის გვიანდელ ანტიკური ხანის ძეგლებზე.

აღმაშენებლის ქუჩაზე აღმოჩნდა, აგრეთვე ქვაყუთები და კრამიტის სამარხები.

მ. მამულაშვილის ქუჩაზე აღმოჩნდა ნამოსახლარი და სამაროვანი.

სვეტიცხოველი V

(სვეტიცხოველი V, მდებარეობს სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, გალავნის გასწვრივ. აქ, გვიანდელი და განვითარებული ფეოდალური ხანის დაშლილი კულტურული ფენების ქვეშ გამოვლინდა ადრინდელი ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, რომელიც გვიანდელი ანტიკური ხანის კულტურულ ფენაზეა გამართული, გაითხარა 500 კვ მ ფართობი. გამოვლინდა ქუჩის ნაწილი და ხანძრის შედეგად განადგურებული 6 სახლის ნაშთი. სახლებს რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები საძირკველი, თიხატკეპნილი იატაკი, ალიზის კედლები და კრამიტის სახურავი ჰქონიათ. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კრამიტი, სამეურნეო, სამზარეულო, სუფრის ჭურჭელი აგრეთვე თონეები და მიწაში ჩადგმული ქვევრები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები