მხატვრული ფანტაზია
მხატვრული ფანტაზია – (ბერძნ. წარმოდგენა), მწერლის, ხელოვანის უნარი, შემოქმედებითი ტალანტის აუცილებელი ნიშანდობლივი თვისება მხატვრული წარმოსახვის, შეთხზვის, განზოგადების საფუძველი.
ფანტაზია სინამდვილისაგან მიღებული შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების გარდასახვას, ამაღლებას, ახალი სახემოსილებით გამდიდრებას, შეთხზულის, გამონაგონის მეშვეობით გამოსახვას წარმოადგენს. მის გარეშე შეუძლებელია მხატვრული განზოგადება, ტიპური ხასიათების შექმნა, მრავალსახეობის ერთში გარდასახვა. იგი მხატვრული სიმართლის აუცილებელი ფაქტორია.
აბსტრაქტულ აზროვნებაში იმდენად აქტიურად მონაწილეობს ფანტაზია, რომ მის სრულყოფილ გამოვლენაზე მრავალმხრივ არის დამოკიდებული მეცნიერული წინასწარხედვა. მაგრამ ფანტაზიის როლი მხატვრულ შემეცნებაში გაცილებით უფრო მრავალმხრივი და არსებითი მნიშვნელობისაა, ვიდრე მეცნიერებაში. შეიძლება ითქვას, ფანტაზია მხატვრულ შემეცნებაში იმავე როლს ასრულებს, რასაც აბსტრაქცია და ლოგიკური განზოგადების უნარი თეორიულ შემეცნებაში. მხატვრული ფანტაზია ფანტაზიის უმაღლეს სახეობას წარმოადგენს. მას არა მარტო ასახვითი ფუნქცია აკისრია, არამედ მხატვრულ-ესთეტიკურიც.