ნავარძეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავარძეთი – სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემის საკრებულო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 560 მეტრი, ჭიათურიდან - 4 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1424 კაცი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

სახელწოდება

ეს სოფელი ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში (X-XI ს.ს.) განთქმული სამეთუნეო ცენტრი ყოფილა. აქაური „ნავარძული“ ქვევრები ერთობ დიდი სახელით სარგებლობდა. ნავარძეთული ქვევრები იმ დროს რაჭის სოფლებშიც მიჰქონებიათ: ეს კარგად ჩანს ისეთი მნიშვნელოვანი საისტორიო ძეგლიდან, რომელსაც „ნიკორწმინდის იადგარი“ ეწოდება. ეს ხელნაწერი 1071-1080 წლებს შორისაა შექმნილი. აქ ვკითხულობთ: „ნიკოლაოსწმიდას შევქმენ სახლი ქვითკირი ა და ზედა სახლი მუხისა კარგი, ა, მარანი ქვითკირი ა და დავჰფალ შიგან ჭური ნავარძული ივ“. ნავარძეთს, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ-სამეურნეო სოფელს, არც გვიანფეოდალურ ხანაში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. XVI საუკუნეში იგი კაცხის ეკლესიის კუთვნილებას წარმოადგენს, XVII საუკუნის I ნახევრისათვის ნავარძეთი უკვე სამეფო სოფელია; ამიტომაც არის, რომ გიორგი (იმერთა) მეფე ამ სოფელს ხან ეპისკოპოსს აძლევს საჩუქრად, ხან კი ადგილობრივ დიდგვაროვანთ.

ვახუშტი იცნობს ამ პუნქტს, უფრო სწორად – ნავარძეთის ციხეს, ზუსტად მიუთითებს მის ადგილმდებარეობას („ყვირილის ჩდილოთ კიდურსა ზედა“), მაგრამ იგი არაფერს გვეუბნება სახელწოდების წარმოშობის თაობაზე.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ნავარძეთში იგივე ძირი უნდა იყოს, რაც ვარძია-ში გვაქვს, თუმცა აღნიშნული თვალსაზრისი საჭირო არგუმენტაციით არ არის შემაგრებული. გამორიცხული არ უნდა იყოს ამ ტოპონიმის გვაროვნული წარმოშობის შესაძლებლობა, ვფიქრობთ, ამოსავალია გვარი ნავაძე: ნავაძე-ეთ-ი „სოფელი, რომელშიც უცხოვრიათ ნავაძეებს“, „ნავაძეების სოფელი“. თანხმოვანი აფრიკატის წინ ფონეტიკურ ნიადაგზე ჩანს განვითარებული: ნავა-რ-ძე-თ-ი. ჩვენს ამგვარ ვარაუდს უთუოდ მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ სოფ. ვარძიაში, აგრეთვე სოფ. ხიდარში (ხარაგაულის რ.) ვენახის სახელად დასტურდება ნავაიხოული, რაც ამოსავლად ნავაძეს გვავარაუდებინებს, საყურადღებოა ისიც, რომ სოფ. ბეჯითის (საჩხერის რ.) ერთ-ერთ უბანს ნავაძეების უბანი ეწოდება, სოფ. ცხომარეთში კი სახნავი ადგილის სახელად ნავაძის ყანა არის დადასტურებული.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები