ნატახტრის სამაროვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატახტრის სამაროვნები - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სოფელ ნატახტრის სამხრეთით მდებარე ველზე. 1981 წლიდან ველზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა.აფაქიძე). გათხრები მიმდინარეობდა რამდენიმე უბანზე – ნატახტარი I, II, III, IV.

სარჩევი

ნატახტარი I

ნატახტარი I სამაროვანს წარმოადგენს და 3 ფენას შეიცავს. I ფენა შუაბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. აქ გაითხარა კატაკომბური ტიპის 4 სამარხი. თითოეული კატაკომბური სამარხი წარმოადგენს ოვალური ფორმის ორმოს, რომელსაც ჩრდილოეთით ან სამხრეთით აქვს თახჩის ფორმის დასაკრძალავი კამერა. 4 სამარხიდან მხოლოდ ერთში დადასტურდა მიცვალებული, რომელიც დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით აღმოსავლეთისაკენ. დანარჩენი სამარხები კრემაციულია, ან კენოტაფს წარმოადგენს. სამარხებში აღმოჩნდა წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლები. საქონლის თავთან ან კისრის არეში ობსიდიანის ანატკეცები დადასტურდა. მიცვალებულისა და საქონლის ძვლების გარშემო თიხის ჭურჭელი იყო თავმოყრილი. კერამიკა ძირითადად მოყავისფროდ და ლეგა-მონაცრისფროდაა გამომწვარი, შემკულია ე. წ. „მარგალიტისებრი“ და ამობურცული კოპებით, ამოკაწრული გეომეტრიული სახეებით. II ფენაში გაითხარა ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ით დათარიღებული ორმოსამარხები. III ფენა ადრე შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითლად გამომწვარი ქვევრებისა და მცირე ზომის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.

ნატახტარი II

ნატახტარი II სამაროვანი მდებარეობს ნატახტარი III-ის სამხრეთ-დასავლეთით 800-850 მეტრის დაშორებით. სამაროვანი ორიარუსიანია, სულ გაითხარა 139 სამარხი – გვიანბრინჯაოს ხანის 28 და ელინისტური ხანის 111 სამარხი. გვიანბრინჯაოს ხანის სამარხები ქვაყრილიანი იყო, მაგრამ ყრილები განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს. სამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. №70 სამარხი კენოტაფს წარმოადგენს. ამ სამარხებისათვის დამახასიათებელია ცენტრალურ-ამიერკავკასიური და სამთავრული კულტურებისათვის დამახასიათებელი კომპლექსების თანაარსებობა. თარიღდება ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებით. ელინისტური ხანის ზოგიერთ ორმოსამარხს გარშემოუყვება რიყის ქვები, დანარჩენი კი მიწაყრილიანია. ყველა სამარხი ინდივიდუალურია, გარდა ერთისა (№62), სადაც 3 ინდივიდი ერთმანეთზეა დაკრძალული. ამ ხანის სამარხებში მიცვალებულები ძირითადად დაკრძალულია თავით აღმოსავლეთისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი. მიცვალებულთა ნაწილს თავი ქვის ბალიშზე ედო. სამარხებში აღმოჩნდა მოწითალოდ, შავად და ლეგაფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რკინის მოხრილი დანები, ფოთლისებრი გრძელმასრიანი შუბისპირები, რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, სარდიონისა და პასტის მძივებ.

ნატახტარი III

ნატახტარი III მდებარეობს თბილისი-დუშეთის გზის 25-ე კმ-თან. იქ დადასტურდა 3 ფენა. I ფენაში დაფიქსირდა ადრებრინჯაოს ხანის სამეურნეო ორმოები, რომლებშიც აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა: სადგარი, ბადია, ქოთანი, ხელსაფქვავი და სხვა. II ფენა წარმოადგენს შუაბრინჯაოს ხანის სამაროვანს. გაითხარა 6 სამარხი – მათ შორის 2 კატაკომბური სამარხია, 2 ყორღანი და 2 ორმოსამარხი. III ფენა წარმოადგენს სამაროვანს. გაითხარა შუადან გვიანბრინჯაოზე გარდამავალი ხანის 2 სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ე. წ. ბაიბურთის ტიპის თიხის ჭურჭელი. აქვე გაითხარა გვიანი ბრინჯაოს ხანით დათარიღებული 19 სამარხი, რომლებშიც წარმოდგენილია სამთავრული კულტურისათვის დამახასიათებელი კომპლექსები.

ნატახტარი IV

ნატახტარი IV წარმოადგენს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანს, გაითხარა რამდენიმე სამარხი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები