ნაძვის ნისკარტმარწუხა
ნაძვის ნისკარტმარწუხა (ლათ. Loxia curvirostra Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − ნისკარტმარწუხა (Loxia)
ნაძვის ნისკარტმარწუხა ბეღურაზე დიდი ფრინველია; ფრთა 95-115 მმ-ია, კუდი – 55-65 მმ, ნისკარტი – 17-20 მმ, წონა – 35-50 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება კარგად ჩანს. ზრდასრული მამლის საერთო შეფერილობა მუქი წითელია ზურგი თავზე უფრო მუქია, ხოლო კუდზედა ბუმბულები შესამჩნევად ღია და მკვეთრი წითელია. მხრები, ყურის უკანა, ფრთებისა და კუდის ზემო მფარავები მოშავო-მურაა, მუქი წითელი არშიებით. ფრთები და კუდი მურა-რქისფერია. მუცლის შუა ნაწილი და კუდქვეშა ბუმბულები მოთეთრო ან მორუხო. დედალი ზემო მხარეს რუხია, ბუმბულების მუქი ცენტრებით და მომწვანო-ნარინჯისფერი ან მოყვითალო ელფერით თხემზე, განსაკუთრებით კი კუდზედა ბუმბულებზე. სხეულის ქვემო მხარე ღია რუხია, მოყვითალო-მომწვანო ელფერით მკერდსა და გვერდებზე. კუდქვეშა ბუმბულებს მუქი ცენტროები აქვთ, ფრთები და კუდი მუქი რქისფერია. წვეროში გადაჯვარედინებული ნისკარტი, რითაც ადვილად იცნობა ეს ფრინველი, მუქი რქისფერია, ხოლო ფეხები მოწაბლისფრო-ხორცისფერი.
აღწერილია 20-24 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ნაძვის ნისკარტმარწუხა – L. c. caucasica Buturlin, 1907.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს წიწვიანი ტყეების ზონას ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა ბევრგან არეალი წყვეტილია. სსრ კავშირში მოიპოვება კოლის ნახევარკუნძულიდან ოხოტის ზღვის სანაპიროებამდე, ყირიმის, კავკასიის, ცენტრალური ყაზახეთისა და ტიანშანის მთების ტყეებში; ამურის აუზში არის მხოლოდ სიხოტე-ალინზე. სახალინსა და კამჩატკაზე არაა. სსრკ ფარგლებს გარეთ მოიპოვება დასავლეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, მცირე აზიაში, ცენტრალური აზიისა და ჰიმალაის მთების ტყეებში, იაპონიაში, ინდოჩინეთში, ფილიპინის კუნძულებზე და ჩრდილოეთ ამერიკაში. მომთაბარე ფრინველია, რაც უმეტესად დაკავშირებულია წიწვიან მცენარეთა თესლების „მოსავალთან“. საქართველოში ყველგანაა წიწვიან ტყეებში, როგორც მობინადრე-მომთაბარე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს წიწვიან ტყეებში, უწინარეს ყოვლისა – ნაძვნარებში, სოჭნარებში, აგრეთვე ფიჭვნარებსა და შერეულ ტყეებში, მაგრამ არაა კედარის ტყეებში. ვერტიკალურად ვრცელდება მთელ ტყის ზონაში.
გამრავლება
მრავლდება არა მარტო გაზაფხულსა და ზაფხულში, არამედ შემოდგომასა და ზამთარშიც. გამრავლების ვადები უშუალო კავშირშია წიწვიან მცენარეთა თესლის „მოსავლიანობასა“ და მომწიფების ვადებთან. ძირითადი დრო მაინც თებერვლის ბოლო რიცხვები და მარტია, როცა გირჩების გახსნა უფრო ადვილია. უხვმოსავლიანობის წლებში მრავლდება ზაფხულისა და შემოდგომის თვეებშიც. ბუდეს აკეთებს დედალი ნაძვზე ან ფიჭვზე ჰორიზონტალური ტოტის ხშირი წიწვების საფარქვეშ. დებს მეტწილად 3-4 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, მამალი კვებავს დედალს ბუდის აგებისა და კრუხად ჯდომის პერიოდში. საინკუბაციო პერიოდი 14-16 დღეს გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე სქესის ფრინველი, ბუდიდან ბარტყების გადმოფრენის შემდეგაც დიდხანს, რადგან ბარტყებს კიდევ არა აქვთ გადაჯვარედინებული ნისკარტი და გირჩების გახსნა არ შეუძლიათ.
კვება
ნისკარტმარწუხას ძირითადი საკვებია ნაძვის, ფიჭვის, სოჭის და ზოგიერთ სხვა წიწვიან მცენარეთა თესლები. ამ მცენარეთა თესლების ნაკლებობის (მოუსავლიანობის) შემთხვევაში მომთაბარეობს და იკვებება სხვა მცენარეთა თესლებითა და კვირტებითაც.
მნიშვნელობა
ნისკარტმარწუხას როლი ტყის ბიოცენოზში შეუსწავლელია. ზოგი ავტორის ვარაუდით, იგი გარკვეულ ზიანს აყენებს ტყეს. სხვები ფიქრობენ, რომ შეუჭმელი თესლების გაფანტვით სარგებლობა მოაქვს.