ნეოლიბერალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოლიბერალიზმი - (neoliberalization), ნეოკლასიკური და ტრადიციული ლიბერალიზმის ბაზაზე, ისტორიული სკოლის გავლენით XX საუკუნეში აღმოცენებული ეკონომიკური დოქტრინა, რომელიც ფართოდ გავრცელდა გერმანიაში, II მსოფლიო ომის შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც. იგი კეინზიანელობის პარალელურად წარმოიშვა როგორც „დიდ დეპრესიაზე” რეაქცია. ამ მიმდინარეობის მამამთავარია ვალტერ ოიკენი. კეინზიანელობისგან განსხვავებით, ნეოლიბერალიზმი კაპიტალიზმის კრიზისის მთავარ მიზეზს ეკონომიკის მონოპოლიზაციას უკავშირებს, ხოლო გამოსავალს კონკურენციის თამაშის წესების დადგენასა და მის განვითარებაში ხედავს.

ნეოლიბერალიზმში ცენტრალური ადგილი არ უჭირავს მარჟინალიზმს, სამაგიეროდ, ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფოს როლზე სოციალური საკითხების მოგვარებაში. ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიმართულებაა ორდოლიბერალიზმი. ორდოლიბერალებმა (ვ. ოიკენი, ვ. რიოპკე, ლ. ერჰარდი, ა. მიულერ-არმაკი, ა. რიუსტოვი და ა.შ.) ეკონომიკურ პოლიტიკაში გამოჰყვეს შემდეგი მიმართულებები:

  1. სახელმწიფო და კერძო საკუთრების თანაფარდობის რეგულირება;
  2. კონკურენტული წესრიგის დამყარება, მონოპოლიისა და კონკურენციის რეგულირება;
  3. სამეწარმეო კანონმდებლობის შექმნა;
  4. ეკონომიკური ზრდის რეგულირება.

მათ გამიჯნეს ორდოლიბერალური იდეები კაპიტალიზმისა და სოციალიზმის სხვა ანალოგიური იდეებისგან და „მესამე გზის” კონცეფცია აირჩიეს. მათი აზრით, ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობაა ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის დამყარება, ანტიმონოპოლიური სამსახურის მეშვეობით კონკურენციის თავისუფლების პრინციპით მოქმედება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები