მარჟინალიზმი
მარჟინალიზმი - (marginalism, frang. margina უკიდურესი, ზღვრული), ერთ-ერთი მიმდინარეობა, მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის ძირითადი მეთოდები და ინსტრუმენტები გამოიყენება ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში. იგი ითვალისწინებს ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების კვლევაში ზღვრული სიდიდეების გამოყენებას, ეფუძნება რაოდენობრივ ანალიზს და იყენებს ეკონომიკურ-მათემატიკურ მეთოდებს. მარჟინალიზმი საქონლის ღირებულებას (ფასეულობას) განსაზღვრავს იმ სასარგებლო ეფექტით, რომელიც მას მოაქვს მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, იგი უპირისპირდება კლასიკური სკოლის შრომითი ღირებულების თეორიას. მარჟინალიზმი მოიცავს ზღვრული სარგებლიანობის, ზღვრული მწარმოებლურობის, ზღვრული ხარჯებისა და ა.შ. თეორიებს. ძირითადი მარჟინალისტური კონცეფციები გამოიყენება მოთხოვნის, ფასის, საბაზრო წონასწორობისა და ა.შ. თეორიებში.
მარჟინალიზმმა ფართო განგანვითარება პოვა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰ. კლარკის, ფ. ეჯუორთის, ი. ფიშერის, ა. მარშალის, ვ. პარეტოს, ლ. ვალრასის, კ. ვიქსელისა და სხვათა ნაშრომებში. ამ თეორიამ თვალსაჩინო როლი შეასრულა ეკონომიკური აზრის განვითარებაში და „მარჟინალისტური რევოლუციის” სახელითაა ცნობილი.