შრომითი ღირებულების თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შრომითი ღირებულების თეორია - (labour theory of value), თეორია, რომლის თანახმადაც ფასწარმოქმნას საფუძვლად უდევს საქონლის წარმოებაზე დახარჯული ანუ საქონელში განივთებული საზოგადოებრივად აუცილებელი შრომის რაოდენობა (შრომის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია წარმოების ნორმალურ პირობებში საქონლის დასამზადებლად), ე.ი. მისი ღირებულება.

ღირებულების მიხედვით ორი სხვადასხვა საქონლის ტოლობა ნიშნავს იმას, რომ მათში ერთი და იგივე რაოდენობის შრომაა განივთებული. ამ თეორიის ძირითადი პოსტულატებია:

- გაცვლის სხვადასხვა პროდუქტებს აქვთ ერთნაირი შინაარსი - ღირებულება. ამიტომ ისინი ერთმანეთს უტოლდებიან განსაზღვრული საცვლელი ღირებულებით;
- ღირებულება საქონელში განივთებული საზოგადოებრივი შრომაა. ღირებულების მიხედვით პროდუქციის ტოლობა ნიშნავს იმას, რომ მათში ერთი და იგივე რაოდენობის შრომაა განივთებული;
- თუ შრომა თვისებრივად ერთნაირია, მაშინ რაოდენობრივად იგი იზრდება დროის ხანგრძლივობით;
- ბაზარზე ერთნაირი სახეობის საქონელზე ყალიბდება არა ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი ღირებულება.

შრომითი ღირებულების თეორია ახასიათებს ეკონომიკურ კავშირს, რომელიც შეიძლება გამოვსახოთ ასე: მწარმოებელი - საზოგადოებრივი შრომა - დოვლათის საზოგადოებრივი ღირებულება - ფასი. ამ თეორიაში სასაქონლო- ფულადი ურთიერთობები განხილულია საქონელმწარმოებლის პოზიციიდან.

შრომითი ღირებულების თეორია ეკუთვნის კლასიკურ სკოლას. მის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დევიდ რიკარდოს, აგრეთვე კარლ მარქსს.

შრომითი ღირებულების თეორიას დაუპირისპირდა ზღვრული სარგებლიანობის თეორია, წარმოების დანახარჯების თეორია, მოთხოვნა-მიწოდების თეორია, ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორია. შრომითი ღირებულების თეორიის მთლიანად უარყოფა მეცნიერულად არ არის გამართლებული. იგი, [ზღვრული სარგებლიანობის თეორიასთან ერთად, საფუძვლად უდევს ფასწარმოქმნას. ამ თეორიების დაპირისპირება გამოხატავს არა მხოლოდ მათ ურთიერთუარყოფას, არამედ ურთიერთგანპირობებულობასაც, ღირებულებასა და სარგებლიანობას შორის ფუნქციონალურ კავშირს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები