თანამედროვე მარქსიზმი
თანამედროვე მარქსიზმი – დასავლეთ ევროპაში მარქსიზმის უფრო „რაფინირებული” ფორმა გავრცელდა: საბჭოური მარქსიზმის მექანიცისტური, ერთი შეხედვით მეცნიერული დებულებების საპირისპიროდ, დასავლური მარქსიზმი ჰეგელიანობის მიმართულებით ვითარდებოდა და აქცენტს მარქსისეულ „ადამიან შემოქმედზე” აკეთებდა. ამ ტრადიციის თანახმად, ადამიანები ისტორიის შემოქმედნი არიან და არა მარიონეტები, რომლებსაც ზეპიროვნული მატერიალური ძალები აკონტროლებენ. დასავლეთის მარქსისტები არ უარყოფდნენ, რომ არსებობს ურთიერთქმედება ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის, ცხოვრების მატერიალურ პირობებსა და ადამიანის უნარს შორის — განსაზღვროს საკუთარი ბედი. ოღონდ, მიუხედავად ამისა, თანამედროვე მარქსისტებმა მოახერხეს „ბაზის-ზედნაშენის” უხეში ფორმულაზეც ეთქვათ უარი და ის თვალსაზრისიც უარყვეს, თითქოს კლასობრივი ბრძოლა სოციალური ანალიზის თავი და თავი იყოს. მსგავს იდეებს ზოგჯერ ნეომარქსიზმადაც მოიხსენიებენ ხოლმე.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მარქსიზმის ახლებურად, ჰუმანისტურ ფილოსოფიად გადააზრებას შეეცადა, უნგრელი გეორგ ლუკაში იყო (1885-1971). მას განსაკუთრებით აღიზიანებდა „გასაგნების” პროცესი, როცა კაპიტალიზმი მუშის პიროვნების დეჰუმანიზაციას ახდენს, პასიურ ობიექტად. ანუ საბაზრო საქონლად აქცევს და მარქსის კვალად, ადამიანში მასაც შემოქმედის დანახვა სურდა. მარქსიზმის ხელახალი ინტერპრეტაცია სცადა იტალიელმა ანტონიო გრამშიმ, რომელმაც თავის „ციხის ჩანაწერებში“ მიუთითა, რომ კაპიტალიზმის სიმყარეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თუ კულტურული ფაქტორებიც მნიშვნელოვნად განაპირობებს და ამ მოვლენას „იდეოლოგიური ჰეგემონია“ უწოდა.
მარქსიზმის უფრო მკვეთრად ჰეგელიანური განშტოება ე.წ. „ფრანკფურტის სკოლაში“ ჩამოყალიბდა, რომლის მთავარმა წარმომადგენლებმა, თეოდორ ადორნომ (1903-1969), მაქს ჰორკჰაიმერმა (1895-1873) და ჰერბერტ მარკუზემ ე.წ. „კრიტიკული თეორია” შექმნეს — მარქსისტული პოლიტეკონომიის, ჰეგელიანური ფილოსოფიისა და ფროიდისტული ფსიქოლოგიის ერთგვარი ნაზავი. მათმა შრომებმა XX საუკუნის 60-იანი წლების „ახალ მემარცხენეობაზე” იქონია მნიშვნელოვანი ზეგავლენა. ფრანკფურტის სკოლის კიდევ ერთი საყურადღებო წარმომადგენელია იურგენ ჰაბერმასი.