ნიბლია (სკვინჩა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიბლია (სკვინჩა)

ნიბლია (სკვინჩა) (ლათ. Fringilla coelebs Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ნიბლია ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 85-95 მმ-ია, კუდი 55-70 მმ, ნისკარტი – 10-14 მმ, წონა – 17-26 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი და კისერი ზემოდან მოცისფრო-ასპიდური აქვს. შუბლი ხავერდოვანი შავია, ზურგი წენგოსფერი ან მოჟანგისფრო-ყავისფერი. კუდზედა ბუმბულები მოყვითალო-მწვანეა, ხოლო კუდის ზემო მფარავები ასპიდურ-რუხი. ფრთები მოშავო-რქისფერია, თეთრი ლაქებითა და არშიებით. საჭის ბუმბულების შუა წყვილი რუხია, ხოლო დანარჩენი მორუხო-რქისფერი საჭის კიდურა 2 წყვილზე სოლისებური ფორმის თეთრი ლაქებია. სხეულის ქვემო მხარე მოწაბლისფრო-ღვინისფერია; მუცლის შუა ნაწილი და კუდქვეშა ბუმბულები თეთრი. ზრდასრული დედალი ზურგის მხარეს მოწენგოსფრო ან მომწვანო-რუხია. კუდის ზემო მფარავები მურაა. ფრთები და კუდი მურა-რქისფერია, სხეულის ქვემო მხარე – მორუხო-მოწაბლისფრო. კისრისა და მუცლის შუა ნაწილი, აგრეთვე კუდქვეშა ბუმბულები მოთეთროა. ახალ ბუმბულსაფარველზე ჭარბობს წენგოსფერი ელფერი, ხოლო ძველზე – მორუხო. ნისკარტი მამალს ზაფხულში მოცისფრო-რუხი აქვს, შავი წვეროთი, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში – ხორცისფერი. დედალს ნისკარტი მოხორცისფრო-მურა აქვს.

გამოყოფენ 12-დან 17-მდე ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება: კავკასიური ნიბლია – F. c. solomkoi Menzbier et Suschkin, 1913 და ევროპული ნიბლია – F. c. coelebs Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, გარდა უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილის, ირლანდიისა და უტყეო ველებისა. აფრიკაში ბუდობს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში. ევროპიდან არეალი სოლისებურად იჭრება დასავლეთ ციმბირში და აღწევს აღმოსავლეთით ენისეიმდე, ჩრდილოეთით ტობოლსკამდე და ტომსკამდე, ხოლო სამხრეთით – ალტაის მთისწინებამდე და ყაზახეთის ჩრდილოეთ ტყიან რაიონებამდე. არეალის იზოლირებული ნაწილი არის აგრეთვე მცირე აზიაში, კავკასიაში, ირანის, კასპიის ზღვისპირეთში და თურქმენეთში კოპეტ-დაღამდე. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში – მობინადრე-მომთაბარე. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მეჩხერ ტყეში, მის ნათელ ფრაგმენტებში, ბაღებსა და პარკებში, ფოთლოვანი თუ წიწვიანი ტყეების ნაპირებთან, მთის მდინარეთა ტყიან ან ბუჩქნარიან ხეობებში, ჭალებში, ხშირად ვენახებში და ეზოებში. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზემო საზღვრამდე.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აგებს დედალი ხეზე, წიწვიანებზეც და ფოთლოვანებზეც, მაღალ ბუჩქზე, ტყეში, ბუჩქნარებში, ბაღებსა და პარკებში ნაირგვარ სიმაღლეზე, მაგრამ არანაკლებ 1,5 მ-ისა მიწის ზედაპირიდან. მამალს მოაქვს. ბუდისათვის მასალა. ნიბლია აგებს ღრმა ჯამისებური ფორმის მაგარ და მოხდენილ ბუდეს. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად აპრილის მეორე ნახევარში, ხოლო მეორედ ივნისის შუა რიცხვებში დებს 4-7 კვერცხს. ამასთან პირველი გამრავლების დროს კვერცხების რაოდენობა მეტია, ვიდრე მეორედ. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-13 დღეს გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.

კვება

აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე ძირითადი საკვებია მწერები. ბარტყებსაც მხოლოდ მწერებით კვებავს. წლის სხვა დროს იკვებება მეტწილად სარეველა მცენარეთა თესლებით, აგრეთვე კენკრით ან სხვა წვნიანი ნაყოფით.

მნიშვნელობა

ნიბლია ჩვენი ტყეების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრინველია. იგი მრავლად ანადგურებს სარეველა მცენარეთა თესლებსა და მავნე მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს ტყისა და სოფლის მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები