ნოსტეს სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოსტეს სამების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ნოსტურას მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეების მიჯნით. იგი რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. თავდაპირველი ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ კედელი, რომელიც აღდგენის დროს ახალ ნაგებობაში ჩაურთავთ. ახალი ნაწილები ნაგებია ულაზათოდ. აფსიდის მარჯვბენა მხარე ძალიან გამოწეულია. ჩრდილოეთ კედლის ორი ნაწილი ცუდად ებმის ერთმანეთს. დარბაზის კამარა სხვადასხვა დონეზეა.

ეკლესია დარბაზულია (12,7X12,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთით და დასავეთით. დასავეთი კარი ამოქოლილია. ღრმა აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია.

ეკლესიაში სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთზე (ქვედა ორი რეგისტრი) და ტრაპეზის ქვებზე შემორჩენილია XVII საუკუნის II ნახის მოხატულობის ნაშთი. დანარჩენი ნაწილი დაფარულია გვიანდ. შელესილობის ფენით. სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრში უცნობი წმინდანის მარტვილობის ორი სცენის ფრაგმენტებია. ქვედა რეგისტრი დაყოფილია სწორკუთხა მონაკვეთებად, რომლებშიც ჩახატულია წმინდანთა დიდი ზომის ფიგურები (ერთ-ერთი წმ. საბაა). სატრპეზო ქვის წინა პირი მორთულია მცენარეული ორნამენტით (იმეორებს დაჩითული ქსოვილების სახეებს – მიხაკის ყვავილი გრძელი ყლორტით). მოხატულობა უპირატესად შესრულებულია მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი, მუქი ლურჯი და თეთრი საღებავებით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჰქონია მინაშენები. ჩრდილოეთ მინაშენი აფსიდიანი სამლოცველო იყო. სამხრეთ მინაშენში ცენტრში ორთაღიანი ღია კარიბჭეა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები