ნოტიფიკაცია
ნოტიფიკაცია − (ლათ. notificatio შეტყობინება), დიპლომატიურ და სახელშეკრულებო პრაქტიკაში შეტყობინების გავრცელებული ფორმა. ხორციელდება სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური (საკონსულო) წარმომადგენლის, საერთაშორისო „ორგანიზაციის ან მისი თანამდებობის პირის მიერ ნოტის ან სხვა სახის დოკუმენტის გაგზავნის საშუალებით, რომელშიც გადმოცემულია შემტყობინებლის პოზიცია რომელიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საკითხთან, ფაქტთან ან პრობლემასთან დაკავშირებით.
ნოტიფიკაცია ხშირ შემთხვევაში იწვევს გარკვეულ საერთაშორისო სამართლებრივ შედეგებს – საერთაშორისო სამართლის სუბიექტების უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას ან შეწყვეტას. ზოგიერთ საერთაშორისო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული ნოტიფიკაციის სავალდებულობა. იგი აუცილებელია საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის, მიღების, დენონსაციის, ხელშეკრულებისადმი მიერთების ან დათქმის გაკეთების შემთხვევაში.