ნოღაიდელი ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯემალ ნოღაიდელი

ჯემალ ნოღაიდელი – ნოღაიდელი ჯემალ (ჯიმშერ) (დ. 10 (23) თებერვალი, 1906, სოფ. წყავროკა, ქობულეთის რ-ნი, – გ. 29 მარტი 1966, ბათუმი)), აჭარული დიალექტის, აჭარის ზეპირსიტყვიერებისა და მუსიკალური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1940), აჭარის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).

დაამთავრა თსუ ენისა და ლიტერატურის და საენათმეცნიერო განყოფილებები (1931). 1935–58 კითხულობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში საენათმეცნიერო დისციპლინათა კურსებს, 1958-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფოლკლორის განყოფილების გამგედ, სადაც, ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობასთან ერთად, ეწეოდა ფართო საველე-შემკრებლობით საქმიანობას. 1936 ბათუმში გამოვიდა მისი „აჭარა დიალექტოლოგიურად“, რომელიც პირველი შედარებით სრული გამოკვლევაა აჭარული კილოს შესახებ. 1960 გამოქვეყნდა ნოღაიდელის მონოგრაფია „აჭარული კილოს თავისებურებანი“. მასში განხილულია აჭარულის ძირითადი ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური თავისებურებანი. ნაშრომს დართული აქვს დიდძალი ენობრივი მასალა. ნოღაიდელს ეკუთვნის აჭარული დიალექტის კილოკაური დიფერენციაციის პირველი ცდა. ავტორი აჭარულს ყოფს ორ შტოდ – მთისა და ბარის აჭარულად, ანუ ქობულურად. მთის აჭარულში შეიტანა მდ. აჭარისწყლის ხეობის (ხულო–შუახევის, ქედისა და. ნაწილობრივ ბათუმის რ-ნების) მეტყველება, ხოლო ბარის აჭარულში – ქობულეთისა და ბათუმის (ახლანდელი ხელვაჩაურის) რ-ნებისა. ტოპონიმიკის, ეტიმოლოგიისა და სხვ. საკითხებს ეხება ნოღაიდელის სტატიები: „აჭარულ გეოგრაფიულ სახელთა შედგენილობისათვის“, „ერთი ქართული ტერმინისათვის თურქულში (თავანი, „აჭარული დიალექტის მიმართება მესხურთან”.

ნოღაიდელი დიალექტოლოგიურ მუშაობას მჭიდროდ უკავშირებდა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ კვლევა-ძიებას. მას გამოქვეყნებული აქვს „აჭარის ხალხური სიტყვიერება“ (წგ.1, ბათ. 1936: წგ. II, ბათ., 1940), „აჭარული ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის მასალები“ (თბ., 1967), „ეთნოგრაფიული ნარკვევები აჭარელთა ყოფა-ცხოვრებიდან“ (თბ., 1915). მასვე ეკუთვნის წერილები მუს. ფოლკლორის ცალკეულ საკითხებზე: „სამუსიკო საკრავები აჭარულში“, „აჭარული ნადური სიმღერების ოთხხმიანობის თავისებურების შესახებ“, „მასალები აჭარული მუსიკალური ფოლკლორიდან“.

ნოღაიდელის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა მისი ნაშრომების კრებული – „ნარკვევები და ჩანაწერები“ სამ წიგნად პროფესორ ი. მეგრელიძის საერთო რედაქციით (ბათ. 1971, 1972, 1977) დიალექტოლოგიური ხასიათის ნაშრომები თავმოყრილია მეორე წიგნში.

ნ. სურმავა


ლიტერატურა

  • მეგრელიძე ი. ჯემალ ნოღაიდელი, ბათ. 1977 (ახლავს ნოღაიდელის ნაბეჭდი და ხელნაწერი ნაშრომების სია);
  • ნიჟარაძე შ. პირველი აჭარელი ენათმეცნიერი. – კრ: აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, II, თბ. I979.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები