ოზიმოს შეთანხმება 1975
ოზიმოს შეთანხმებები 1975 – (იტალიასა და იუგოსლავიას შორის), ხელი მოაწერეს 10-XI ოზიმოში (იტალია), შეიცავს ხელშეკრულებას, შეთანხმებას, შეთანხმების დამატებით ოქმს დასკვნით აქტს.
ხელშეკრულება ადგენდა სახელმწიფო საზღვარს იტალიასა და იუგოსლავიას შორის ტრიესტის რაიონში და ტრიესტის ყურეში. აწესრიგებდა იმ იუგოსლავიელ და იტალიელ ეროვნულ უმცირესობათა მოქალაქეობისა და გადაადგილების საკითხებს, რომლებიც „ტრიესტის თავისუფალ ტერიტორიაზე“ ცხოვრობდნენ (ეს ტერიტორია იტალიასა და იუგოსლავიას მიეკუთვნა ლონდონის მემორანდუმით 1954). ადასტურებდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მისწრაფებას; ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ითვალისწინებდა ლონდონის მემორანდუმის 1954 მოქმედების შეწყვეტას.
შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობას განვითარების შესახებ ითვალისწინებდა ტრიესტის რაიონში თავისუფალი ზონის შექმნას, ოქმი თავისუფალი ზონის შესახებ, რომელიც შეიქმნა იტალიისა და იუგოსლავიის ტერიტორიაზე ტრიესტისა და მიმდებარე რაიონების სამრეწველო განვითარების მიზნით, განსაზღვრავდა მის საზღვრებსა და მოცულობას (დაახლ., 20 კვ. კმ), პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის პირობებს, მმართველობის ფორმებს და აღნიშნულ ზონაში ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა საკითხებს. დასკვნითი აქტი განსაზღვრავდა ოზიმოს შეთანხმებათა ძალაში შესვლის წესებს. ხელშეკრულება და შეთანხმება ძალაში შევიდა 3.IV.1977.