თაქთაქიშვილი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ თაქთაქიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი ოთარ ვასილის ძე - (27. VII. 1924, თბილისი, – 21. II. 1989, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1962), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961), სსრ კავშირის სახალხო არტისტი (1974), საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი და მხატვრული ხელმძღვანელი (1947-1952), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი (1962-1965), საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი (1965-1984), სსრ კავშირის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1957 წლიდან), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1964-1984), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს IV და VI მოწვევის დეპუტატი, იუნესკოსთან არსებული საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1986), საქართველოს სსრ ჰიმნის ავტორი (1946, ტექსტის ავტორები გრიგოლ აბაშიძე და ალექსანდრე აბაშელი), ლენინის ორი (1966,1984), ოქტომბრის რევოლუციის (1971), შრომის წითელი დროშის (1981) ორდენების კავალერი; სტალინური პრემიის სამგზის ლაურეატი (1951, 1952, 1967), ლენინური პრემიის ლაურეატი (1982), ალბე შვაიცერის პრემიის ლაურეატი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).

დაიბადა 1924 წლის 27 ივლისს თბილისში. ბიძები — შალვა და გიორგი — მუსიკოსები იყვნენ, რამაც განაპირობა ყმაწვილის არჩევანი. მუსიკას სწავლობდა გამოჩენილ პედაგოგთან, ი. ვ. ჩერნიავსკაიასთან, რომლის კლასიდან მრავალი შესანიშნავი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე გამოვიდა (მარინე მდივანი, ალექსანდრე შავერზაშვილი, ოთარ გორდელი, გივი აზმაიფარაშვილი, ვახტანგ და გივი ჟორდანიები, დინარა ნოდია და სხვები), დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (1947) და ასპირანტურა (1950).

იგი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა XX ს-ის მეორე ნახევრის ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. თაქთაქიშვილის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანი, თემატიკურად მდიდარია, აღმოცენებულია მკვიდრ ეროვნულ საფუძველზე, რასაც კომპოზიტორი პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მისი შემოქმედება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ფართო მასშტაბით დაფასდა, სარგებლობდა დიდი პიროვნული და შემოქმედებითი ავტორიტეტით. თაქთაქიშვილის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – „მინდია“ (1961), რომელიც დაიდგა 10 სხვადასხვა სცენაზე, „სამი ნოველა“ (1967), „მთვარის მოტაცება“ (1977 პრემიერა სსრკ დიდ თეატრში, მოსკოვი), ერთმოქმედებიანი კომიკური ოპერა „მუსუსი“ (1978), „პირველი სიყვარული“ (1980), ორი სიმფონია (1949, 1953), სიმფონიური პოემა „მწირი“ (1956), ოთხი საფორტეპიანო კონცერტი (1951-1983), სავიოლინო კონცერტი (1977), ჩელოს კონცერტი (1978), ვოკალური ციკლები ვაჟა ფშაველასა და გ. ტაბიძის ლექსებზე (1959), ორატორიები „ცოცხალი კერა“ (1964), „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1964), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1970), კანტატა „გურული სიმღერები“ (1971), „მეგრული სიმღერები“ (სიუიტა სოლისტის, ვოკალური ოქტეტისა და კამერული ორკესტრისათვის, 1972), „სატრფიალო სიმღერები“ (1974), გუნდები, სიმღერები, საკრავიერი პიესები, მუსიკა დრამატულ სპექტაკლებისათვის და სხვ.

1987 წელს ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილს, ვოკალური ციკლებისათვის „აკაკის ჩანგი“ და „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები