ოლმიუცის შეთანხმება 1850
ოლმიუცის შეთანხმება 1850, ხელი მოაწერეს 29.XI ოლმიუცში (თანამედროვე ოლომოუცი, ჩეხეთი). დაიდო ავსტრიასა და პრუსიას შორის რუსეთის შუამავლობით.
შეთანხმებას წინ უსწრებდა პრუსიის მცდელობა, 1849-50 შეექმნა 26 გერმანული სახელმწიფოს უნია პრუსიის მეთაურობით და საერთო გერმანული პარლამენტი, რამაც გამოიწვია ავსტრიის წინააღმდეგობა, ასევე რუსეთის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის უკმაყოფილება. შეთანხმების მიხედვით, პრუსია დათანხმდა დაქუცმაცებული გერმანიის კავშირის აღდგენაზე, რომელიც შეიქმნა ვენის კონგრესის 1814-15 გადაწყვეტილებით და იკისრა გაეტარებინა ავსტრიის ჯარები ჰესენ-კასელსა და ჰოლშტაინში რევოლუციური გამოსვლების ჩასახშობად. შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა გერმანული სახელმწიფოს კონფერენციის მოწვევა მხოლოდ უმნიშვნელო დათმობას წარმოადგენდა პრუსიისათვის, რამდენადაც შეთანხმებაში წინასწარ დათქმული იყო, რომ არ დაუშვებდნენ საერთო გერმანული პარლამენტის შექმნას. შეთანხმება წარმოადგენდა ავსტრიის დიპლომატიის უკანასკნელ გამარჯვებას პრუსიასთან ბრძოლაში. მან შეწყვიტა მოქმედება ავსტრია-პრუსიის ომის 1866 შედეგად, რასაც მოჰყვა ჩრდილოგერმანული კავშირის შექმნა პრუსიის მეთაურობით.