ომი და მშვიდობა (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომი და მშვიდობასერგეი პროკოფიევის ოპერა ცამეტ სურათად.

ოპერა დაწერილი რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრის, ლ. ტოლსტოის რომანის მიხედვით. ლიტერატურული პირველწყაროს მასშტაბებმა, დრამატურგიულმა სირთულემ, მისმა მრავალპლანიანობამ, პერსონაჟთა რაოდენობამ რთული ამოცანის წინაშე დააყენეს კომპოზიტორი. ცხადია, გარდაუვალი იყო სიუჟეტის მნიშვნელოვანი შეკვეცა, რამაც ოპერის ლიბრეტოს სქემატიზმი გამოიწვია. კერძოდ, სიუჟეტიდან „გაქრა“ რამდენიმე პერსონაჟი, საკმაოდ შეზღუდულია ანდრეი ბოლკონსკის და პიერ ბეზუხოვის დახასიათება, ვინაიდან ჩრდილში აღმოჩნდა მათი სულიერი სამყარო, ხოლო იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული მათთან, ხშირად მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისგან ვიგებთ. დარღვეულია ბალანსი ომის და მშვიდობის ამსახველ სცენებს შორისაც. ორ სპექტაკლზე განაწილებულ საოპერო მოქმედებაში (პროკოფიევის „ომი და მშვიდობა“ დილოგიაა) პირველ ნაწილში ჭარბობს მშვიდობის ამსახველი სცენები და ინდივიდუალური დახასიათებები, ხოლო მეორეში – ომი და მასობრივი საგუნდო სცენები.

ყველაზე მკაფიოდ და მრავალმხრივად ოპერაში დახასიათებულია ნატაშა როსტოვა. მის დასახასიათებლად კომპოზიტორი იყენებს რამდენიმე ლაიტთემას, რომლებიც მას სხვადასხვა სიტუაციაში წარმოგვიჩენენ. ლაიტთემებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვალსის თემას, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული მის გრძნობებთან ანდრეი ბოლკონსკის მიმართ – პირველად ვალსის თემა ჩნდება ნატაშას პირველ მეჯლისზე, სადაც ის გაიცნობს ბოლკონსკის და, შესაბამისად, ვალსი მათი სიყვარულის სიმბოლოდ იქცევა. ვალსის თემა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის ოპერის მანძილზე და გმირის სულიერ მდგომარეობას ყველაზე სუსტად სწორედ ვალსის თემა ასახავს. ამ რაკურსში მნიშვნელოვანია ანატოლ კურაგინით გატაცების სცენა, სადაც ვალსი გმირის შინაგან შფოთვას, ყოყმანს, ვნებას და საბოლოო იმედგაცრუებას ასახავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპერა ცეკვის, მოძრაობის სტიქიითაა გაჯერებული. აქ იგულისხმება არა მხოლოდ საკუთრივ საცეკვაო ჟანრების სიუხვე, არამედ ტემპის და რიტმის ერთიანობა, რაც ამ გიგანტური საოპერო ტილოს გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

ოპერის მეორე დრამატურგიული ხაზი, რომელიც ომის თემასთანაა დაკავშირებული, ძირითადად მონუმენტური, სტატიკური საგუნდო ეპიზოდებითაა დახასიათებული. აქ კომპოზიტორი ყველაზე ახლოსაა რუსული ოპერის ტრადიციებთან, კერძოდ, გლინკას და ბოროდინის შემოქმედებასთან და მათ მსგავსად დაპირისპირებულ ბანაკებს და მათ მეთაურებს კონტრასტული ინტონაციებით ახასიათებს. რუსი ხალხი ოპერაში, კანტატა „ალექსანდრე ნემელის“ მსგავსად, ძირითადად ჰიმნური, პათეტიკური ხასიათის თემებითაა დახასიათებული. მსგავსია კუტუზოვის დახასიათებაც მის არიაში სამხედრო საბჭოს სცენიდან, სადაც იგი მოსკოვის ფრანგებისთვის ჩაბარების გადაწყვეტილებას მიიღებს. საპირისპიროდაა დახასიათებული ფრანგი ჯარისკაცები – მათი პორტრეტის შესაქმნელად კომპოზიტორი მხოლოდ უარყოფით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას.

ოპერა ომი ღა მშვიდობა შეიძლება ჩაითვალოს პროკოფიევის საოპერო შემოქმედების შემაჯამებელ ნაწარმოებად, რომელშიც შერწყმულია სხვადასხვა დონეზე – კომპოზიციურ, დრამატურგიულ, ინტონაციურზე – კომპოზიტორის მრავალწლიანი გამოცდილების მანძილზე შემუშავებული ხერხები და პრინციპები.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები