პროკოფიევი სერგეი
სერგეი პროკოფიევი – (რუს. Серге́й Серге́евич Проко́фьев, დ. 15 აპრილი, 1891, უკრაინა — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი), XX საუკუნის პირველი ნახევრის საბჭოთა პერიოდის რუსული საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
სერგეი პროკოფიევი დაიბადა 1891 წლის 11 (23) აპრილს სონცოვკაში. დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო ოჯახში. 1904 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის კონსერვატორიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: ა. ლიადოვი (კომპოზიცია), ნ. რიმსკი-კორსაკოვი (საკრავთმცოდნეობა), ა. ესიპოვა (ფორტეპიანო). 1914 წლიდან თანამშრომლობდა ს. დიაგილევის დასთან. 1918-33 წლებში კომპოზიტორი ცხოვრობს და მოღვაწეობს საზღვარგარეთ, ჯერ აშშ-ში, შემდეგ საფრანგეთში, მართავს საგასტროლო ტურნეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სამშობლოშიც. 1938 წელს ბრუნდება რუსეთში, სადაც აგრძელებს ინტენსიურ საშემსრულებლო პიანისტი და დირიჟორი) და საკომპოზიტორო მოღვაწეობას. პროკოფიევი გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს.
შემოქმედება
პროკოფიევის შემოქმედება იშვიათი ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ვოკალურ, ინსტრუმენტულ თუ სცენურ ჟანრებს, დიდი თუ მცირე ფორმის ნაწარმოებებს, მაგრამ განსაკუთრებულ როლს პროკოფიევის შემოქმედებაში ასრულებს მუსიკალურ-თეატრალური ნაწარმოებები. აქვე უნდა აღენიშნოთ, რომ თეატრალურობა პროკოფიევის სტილის ერთ-ერთი ზოგადი მახასიათებელია – მისი ინსტრუმენტული ნაწარმოებების თემები ხშირად წმინდა თეატრალური სახეობრიობით გამოირჩევა და კონკრეტული სახეხასიათების ასოციაციებს ბადებს.
საოპერო შემოქმედება
მუსიკალური თეატრი, რომელიც პროკოფიევის შემოქმედებაში ოპერის და ბალეტის ჟანრებითაა წარმოდგენილი, ადრეული ასაკიდან იზიდავდა კომპოზიტორს. მისი შემოქმედებითი პოზიცია, ისევე როგორც XX საუკუნის პირველი ნახევრის კომპოზიტორთა უმეტესობის, შეიძლება დავახასიათოთ „ანტივაგნერისეულად“, თუმცა, მაგალითად, სტრავინსკისგან განსხვავებით, პროკოფიევი არა იმდენად უარყოფდა ვაგნერის მუსიკალური დრამის პრინციპებს, რამდენადაც მათი გადალახვისკენ ისწრაფოდა. ვაგნერის მუსიკის გარკვეული გავლენა შეინიშნება პროკოფიევის ადრინდელ ოპერაზე „მადალენა“ (1911 წ), რაც დეკლამაციური ტიპის ახალი კანტილენის და ორკესტრის პარტიის გამაერთიანებელ, ფორმაქმნად როლში ვლინდება. პროკოფიევის ამ ნაწარმოების საყრდენ ღერძს წარმოადგენს კონფრონტაცია სიკეთის და ბოროტების ძალებს შორის, რომლებიც ერთ მთავარ პერსონაჟშია თავმოყრილი. მთავარი გმირის ხასიათის ამგვარი ინტერპრეტაცია, ერთი მხრივ, რუსული ხელოვნების ე. წ. ვერცხლის ხანის და, მეორე მხრივ, იმდროინდელი მასკულტურით, კინემატოგრაფის ესთეტიკით იყო განპირობებული.
„მადალენამ“ მოამზადა პროკოფიევის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი – ოპერა „მოთამაშე“ (1915 წ). სიკეთის და ბოროტების დაპირისპირების ზნეობრივი პრობლემა საფუძვლად უდევს პროკოფიევის შემდეგ ოპერას „ცეცხლოვანი ანგელოზი“ (1928 წ), დაწერილია რუსი სიმბოლისტი პოეტის ვალერი ბრიუსოვის მიხედვით. პროკოფიევის შემოქმედების ადრეული პერიოდის ოპერებიდან ყველაზე წარმატებული სცენური ბედი ერგო „სამი ფორთოხლის სიყვარულს“ (1919 წ), ნაწარმოებს, რომელიც კომპოზიტორის თავისებურ სავიზიტო ბარათად იქცა.
ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 30-40-იან წლებში საოპერო ჟანრის განვითარებამ, პროკოფიევის შემოქმედებაში საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი სახე მიიღო, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ოპერაში „სემიონ პოტკო“ (ვ. კატაევის მოთხრობის მიხედვით). ეს აშკარად კონიუნქტურული სიუჟეტი კომპოზიტორმა ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებულად წარმოაჩინა: მასში დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები რადიკალურად განცალკევებულად არაა დახასიათებული. კერძოდ, ახალი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ტკაჩენკოს ძალზე რელიეფური ვოკალური პარტია აქვს, რაც მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს მრავალფეროვნებას და, შედეგად, არაერთმნიშვნელოვნებას ანიჭებს. სხვა პერსონაჟების დახასიათებისას პროკოფიევი ფართოდ მიმართავს უკრაინული ფოლკლორისთვის დამახასიათებელ სასიმღერო ინტონაციებს და მკაფიო ვოკალურ დეკლამაციას, რომელიც ოპერის თითოეული გმირის ხასიათის ანაბეჭდს ატარებს. ოპერის სცენებს შორის განსაკუთრებული ექსპრესიულობით გამოირჩევა III მოქმედების ფინალი, ostinato-ს პრინციპზე აგებული გრანდიოზული სცენა, სადაც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ლუბკა ტრაგიკული გმირის მასშტაბს აღწევს.
სოციალურად ანგაჟირებული ნაწარმოების შემდეგ პროკოფიევი მიმართავს კლასიკურ სიუჟეტს, რ. შერიდანის კომედიას, და წერს ოპერას „ნიშნობა მონასტერში“ (დუენია).
პროკოფიევის მომდევნო, 40-იან წლებში დაწერილი ოპერა ჟანრის, თემატიკის, მასშტაბის, საოპერო დრამატურგიის პრინციპების თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულია წინამორბედისგან. ესაა გიგანტური ოპერა-ეპოპეა ომი და მშვიდობა.
პროკოფიევის საოპერო შემოქმედება მკაფიოდ მეტყველებს კომპოზიტორის მხატვრული აზროვნების პლურალიზმზე. აღნიშნული, თითქოს, სრულყოფილ შთაბეჭდილებას უნდა ქმნიდეს მისი შემოქმედების პრიორიტეტებზე, მაგრამ მხოლოდ ამ ერთი ჟანრით საუბარი პროკოფიევის მუსიკალურ თეატრზე არ იქნებოდა სრულყოფილი, რადგან კომპოზიტორის მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიღწევები უკავშირდება ბალეტს. ბალეტისადმი ყურადღებას პროკოფიევი ოპერასთან შედარებით გვიან, ევროპაში ემიგრაციის წლებში იჩენს, რაც უშუალოდაა დაკავშირებული 10-20-იანი წლების რუსული მუსიკალურ-თეატრალური სფეროს უდიდესი მოღვაწის სერგეი დიაგილევის სახელთან.
ბალეტი
პროკოფიევის საზღვარგარეთის პერიოდის ბალეტებში ვლინდება შეხების წერტილები, ერთი მხრივ, სტრავინსკის რუსული პერიოდის ბალეტებთან რუსული ზღაპრების სიუჟეტების გამოყენების თვალსაზრისით („ზღაპარი მასხარაზე, რომელმაც შვიდი მასხარა გაამასხარავა“), მეორე მხრივ, 20-იანი წლების დასაწყისში ფრანგულ ხელოვნებაში გაჩენილ ინტერესში მექანიზმების, ინდუსტრიის, „მანქანების მუსიკის“ სამყაროს მიმართ („ფოლადის ნახტომი“). ამ ორი ბალეტის მუსიკალური ენა, პრინციპული განსხვავებების მიუხედავად (ერთში ჭარბობს ფოლკლორული ინტონაციები, მეორეში – მკვეთრი დისონანსები), მრავალ მსგავსებასაც შეიცავს: მსუბუქ სკერცოზულობას, ცალკეულ შემთხვევაში გროტესკსაც, სპეციფიკურ პროკოფიევისეულ მელოდიურობას, რომელიც თანაარსებობს მკვეთრად დისონანსურ ჰარმონიულ ენასთან. მსგავსი თვისებები ახასიათებს მესამე ბალეტსაც „უძღები შვილი“ (ბიბლიურ სიუჟეტზე), თუმცა მასში უკვე შეინიშნება შემოქმედების შემდგომ პერიოდში მომხდარი სტილური ცვლილებები – პოზიტიური იდეალის გაჩენა, ჰარმონიულ ენაში დიატონიკის პრიორიტეტი, გაშლილი, ფართო სუნთქვის მელოდიების უპირატესობა და სხვ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პროკოფიევმა შექმნა ბალეტი, რომელიც აღიარებულია მისი შემოქმედების ერთ-ერთ მწვერვალად – რომეო და ჯულიეტა (1936 წ).
სიმფონიური მუსიკა
პროკოფიევის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის შვიდ სიმფონიას. მისი ამ ჟანრის ნაწარმოებები ძალზე მრავალფეროვანია: პირველში კომპოზიტორი წარმოგვიდგება „წმინდა წყლის“ კლასიკოსად, მეორე – ყველაზე უფრო რადიკალურად ნოვატორულია, მესამეს და მეოთხეს წარმოშობა უშუალოდაა დაკავშირებული თეატრალურ მუსიკასთან (მესამე – ოპერასთან „ცეცხლოვანი ანგელოზი“, მეოთხე – ბალეტთან „უძღები შვილი“), მეხუთე სიმფონია, პროკოფიევის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი, XX საუკუნის რუსულ მუსიკაში ეპიკური სიმფონიზმის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, მეექვსე – ხასიათდება კომპოზიტორისთვის უჩვეულო დრამატიზმით, კონფლიქტურობით, ხოლო უკანასკნელი მეშვიდე, თავისებური სიმფონიეტა, ლირიზმით, სიხალისით და სისადავით.
პროკოფიევის სიმფონიური მუსიკა დატვირთულია მკაფიოდ გამომსახველი, თეატრალურად გამოკვეთილი მხატვრული სახეებით. თემატიზმის ექსპონირება, უმთავრესად დომინირებს განვითარებაზე, რომელიც მეთოდით არა დამუშავებას, არამედ საწყისი მასალის სურათოვან-თხრობით გაშლას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი კი განაპირობებს ფორმის მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი ეპიზოდების, „კადრების“ მონაცვლეობის პრინციპზე აგებას და სონატური ფორმის გააზრების ახლებურ პრინციპს – მრავალთემიანი, განსხვავებული ხასიათის და შინაარსის თემასახეების თანმიმდევრობისგან აგებულ სტრუქტურას, რომელშიც დომინირებს ექსპოზიციურობა და, შესაბამისად, შემცირებულია დამუშავებითი მონაკვეთების დრამატურგიული ფუნქცია. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, მესამე სიმფონიის I ნაწილში, მეექვსეს I ნაწილში ცენტრალური ადგილი დამუშავებაში თემატურად ახალ ეპიზოდს უკავია. ამგვარად, იკვეთება პრინციპული განსხვავება პროკოფიევის და შოსტაკოვიჩის სონატურ-სიმფონიურ ციკლებს შორის, დამუშავების როლის თვალსაზრისით: თუ პროკოფიევთან უპირატესობა ექსპოზიციურობას ენიჭება, შოსტაკოვიჩი პირიქით, დამუშავებას ანიჭებს პრიორიტეტს, რომელიც თემის ჩვენების სტადიაზევე, ექსპოზიციაში იჩენს თავს.
გამჭოლი განვითარების ხარჯზე ექსპოსიციურობის წინა პლანზე წამოწევა ხელს უწყობს პროკოფიევის ინსტრუმენტულ ნაწარმოებებში რონდოსებურობის პრინციპის ფართო გამოყენებას, რომელიც თავს იჩენს როგორც ერთი ნაწილის, ისე ციკლის დონეზე.
საფორტეპიანო მუსიკა
პროკოფიევის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საფორტეპიანო მუსიკას. მას შექმნილი აქვს როგორც ტრადიციული ჟანრის ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის – სონატები (9 სონატა), კონცერტები (5 საფორტეპიანო კონცერტი) ისე მინიატიურები და მინიატიურათა ციკლები. ფორტეპიანო კომპოზიტორისთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთი უსაყვარლესი საშუალებაა, რომელსაც იგი მთელი შემოქმედებითი გზის მანძილზე მიმართავდა. ამიტომ, სწორედ საფორტეპიანო მუსიკა წარმოაჩენს ყველაზე სრულად მისი სტილის ევოლუციის ყველა ძირითად ეტაპს. XX საუკუნის სხვა კომპოზიტორების, მაგალითად, ბარტოკის მსგავსად, პროკოფიევი საფორტეპიანო მუსიკაში ფერადოვნების, კანტილენის, დახვეწილი კოლორიტის ნაცვლად წინ წამოწევს შემტევ რიტმს, ტოკატურ მოძრაობებს, მკაფიო ფაქტურას, პირველქმნილ სტიქიურობას, martellato-ს ფართო გამოყენებას. ამასთანავე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ტიპურად პროკოფიევისეული ფართო სუნთქვის და დიდი დიაპაზონის მქონე მელოდიები, რომლებსაც კომპოზიტორი ფაქიზი, ლირიკული სახეების წარმოსაჩენად მიმართავს.
ამგვარად, სერგეი პროკოფიევის შემოქმედება ტრადიციის და ნოვატორობის სინთეზირების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი, ერთი მხრივ, რუსული კლასიკური მუსიკის, გლინკას, მუსორგსკის, რიმსკი-კორსაკოვის, ბოროდინის მემკვიდრეა, ხოლო მეორე მხრივ, XX საუკუნის მუსიკის საკმაოდ ორგანული მოვლენა, რომლის შემოქმედებითი მიგნებები შეიძლება განვიხილოთ საერთო კონტექსტში სტრავინსკის, ფრანგული „ექვსეულის“, ბარტოკის შემოქმედებასთან.
ძირითადი ნაწარმოებების სია
- 1909 სონატა ფორტეპიანოსთვის №1 f-moll, op. 1
- 1909 ოთხი ეტიუდი ფორტეპიანოსთვის, op. 2
- 1909-10 ორი ლექსი ქალთა გუნდისთვის კ. ბალმონტის ტექსტზე, op. 7
- 1909-1914 სიმფონიეტა A-dur op. 5
- 1911-12 კონცერტი ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის №1 Des-dur. op. 10
- 1911-1913 „მადალენა“ «Маддалена», ერთაქტიანი ოპერა, op. 13
- 1912 სონატა ფორტეპიანოსთვის №2 d-moll, op. 14
- 1912 ტოკატა ფორტეპიანოსთვის, C-dur op. 11
- 1912-14 სარკაზმები «Сарказмы», ფორტეპიანოსთვის, op. 17
- 1913-1932 კონცერტი ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის №2. g-moll, op. 16
- 1914 ალა და ლოლი, სკვითური სიუიტა («Ала и Лоллий», скифская сюита, op. 20
- 1914 საძაგელი იხვის ჭუკი «Гадкий утёнок», ხმის და ფორტეპიანოსთვის, op. 18
- 1915-16 (რედ. 1927) „მოთამაშე“ («Игрок»), ოთხაქტიანი ოპერა, op. 24
- 1915-17 წამიერებანი «Мимолётности», ფორტეპიანოსთვის, op. 22
- 1915-1920 ზღაპარი მასხარაზე, რომელმაც შვილი მასხარა გაამასხარავა («Сказка про шута, семерых шутов перешутившего»), ოთხაქტიანი ბალეტი, op.21
- 1916 ა. ახმატოვას ხუთი ლექსი წПять стихотворений А. Ахматовой, ხმის და ფორტეპიანოსთვის, op.27
- 1916-17 სიმფონია №1 D-dur, კლასიკური «Классическая симфония»), op.25
- 1916-17 კონცერტი ვიოლინოს და ორკესტრისთვის №1 D-dur op. 19
- 1917 სონატა ფორტეპიანოსთვის №3. a-moll), op.28
- 1917 სონატა ფორტეპიანოსთვის №4 c-moll, op.29
- 1917-21 კონცერტი ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის №3 C-dur, op. 26.
- 1918 მოხუცი ბებიას ზღაპრები («Сказки старой бабушки»), ფორტეპიანოსთვის, op.31
- 1919 სამში ფორთოხლის სიყვარული («Любовь к трем апельсинам»), ოთხაქტიანი ოპერა, op. 33
- 1919-27 ცეცხლოვანი ანგელოზი («Огненный ангел»), ხუთაქტიანი ოპერა, op. 37
- 1921 კ. ბალმონტის ხუთი ლექსი (Пять стихотворений К. Бальмонта), ხმის და ფორტეპიანოსთვის, op.36
- 1923 სონატა ფორტეპიანოსთვის №5 C-dur, op. 38
- 1924 სიმფონია №2 d-moll, op. 40
- 1925 ფოლადის ნახტომი («Стальной скок»), ერთაქტიანი ბალეტი,op. 41
- 1928 უძღები შვილი («Блудный сын»), სამაქტიანი ბალეტი, op. 46
- 1928 სიმფონია №3 c-moll, op. 44
- 1930 დნეპრზე («На Днепре»), ერთაქტიანი ბალეტი, op. 51
- 1930 სიმებიანი კვარტეტი h-moll, op.50
- 1930 სიმფონია №4 C-dur (პირველი რედ), op. 47
- 1931 კონცერტი ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის №4 B-dur (მარცხენა ხელისთვის), op. 53
- 1932 კონცერტი ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის №5 G-dur, op. 55
- 1932 სონატა ორი ვიოლინოსთვის C-dur, op. 56
- 1933-38 კონცერტი ჩელოს და ორკესტრისთვის e-moll, op. 58
- 1935 კონცერტი ვიოლინოს და ორკესტრისთვის g-moll, op. 63
- 1935-36 რომეო და ჯულიეტა («Ромео и Джульетта»), ოთხაქტიანი ბალეტი, op. 64
- 1936 პეტია და მგელი («Петя и волк»,), სიმფონიური ზღაპარი ბავშვებისთვის, op. 67
- 1938-39 ალექსანდრე ნეველი («Александр Невский»), კანტატა, op.78
- 1938-46 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის №1 f-moll, op. 80
- 1939 სემიონ კოტკო («Семён Котко»), ხუთაქტიანი ოპერა, op.81
- 1939-40 სონატა ფორტეპიანოსთვის №6 A-dur, op.82
- 1939-42 სონატა ფორტეპიანოსთვის №7 B-dur, op. 83
- 1939-44 სონატა ფორტეპიანოსთვის №8 B-dur, op. 84
- 1940 ნიშნობა მონასტერში («Обручение в монастыре»), ოთხაქტიანი ოპერა, op. 86
- 1940-44 კონკია («Золушка»), სამაქტიანი ბალეტი, op. 87
- 1941 სიმებიანი კვარტეტი №2 F-dur, op. 92
- 1941-52 ომი და მშვიდობა («Война и мир»), ხუთაქტიანი ოპერა, op. 91
- 1943 სონატა ფლეიტის და ფორტეპიანოსთვის D-dur, op. 94
- 1944 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის №2, D-dur op.94 bis
- 1946 სიმფონია №5 B-dur, op.100
- 11947 სონატა ფორტეპიანოსთვის №9 C-dur, op.103
- 1945-47 სიმფონია №6 es-moll, op.111
- 1947 სონატა ვიოლინოსთვის D-dur, op. 115
- 1947 სიმფონია №4 C-dur (ახალი რედ.), op. 112
- 1947-48 ამბავი ნამდვილ ადამიანზე («Повесть о настоящем человеке»), ოთხაქტიანი ოპერა, op. 117
- 1948-50 ზღაპარი ქვის ყვავილზე «Сказ о каменном цветке»), ოთხაქტიანი ბალეტი, op. 118
- 1949 სონატა ჩელოს და ფორტეპიანოსთვის C-dur, op. 119
- 1950-52 სიმფონია-კონცერტი ჩელოს და ორკესტრისთვის e-moll, op. 125
- 1951-52 სიმფონია №7 cis-moll, op. 131
- 1952 კონცერტინო ჩელოს და ორკესტრისთვის g-moll, op.132
მუსიკა დრამატული სპექტაკლების და კინოფილმებისთვის