ცეცხლოვანი ანგელოზი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ცეცხლოვანი ანგელოზი“სერგეი პროკოფიევის ოპერა ხუთ მოქმედებად (1928 წ.). ლიბრეტო ეკუთვნის თავად კომპოზიტორს რუსი სიმბოლისტი პოეტის ვალერი ბრიუსოვის რომანის მიხედვით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ცეცხლოვანი ანგელოზი“, ისევე როგორც „მოთამაშე“ ხანგრძლივი პერიოდის მანძილსე თითქმის არ იდგმებოდა საოპერო თეატრების სცენაზე, განსაკუთრებით კომპოზიტორის სამშობლოში, ვინაიდან არ შეესაბამებოდა ქვეყნის სულიერ კლიმატს, და მან მხოლოდ XX საუკუნის დამლევს მოიპოვა სათანადო აღიარება.

ცეცხლოვანი ანგელოზის კონცეფცია ძალზე რთულია – ნაწარმოების ბოლომდე გაუგებარი რჩება ოპერის მთავარი გმირის რენატას სიყვარულის ობიექტის, ცეცხლოვანი ანგელოზი მადიელის არსი. ასევე გაუგებარია სიკეთის ძალებს ემსახურებიან ინკვიზიტორი და სახელგანთქმული მაგი აგრიპა ნეტესჰაიმელი, თუ ბოროტებისას. არც ოპერის ფინალი გვაძლევს საბოლოო პასუხს კითხვაზე: როგორი თანაფარდობაა ადამიანის ბედში ინდივიდუალურ თავისუფლებას და ფატალურ წინასწარგანპირობებულობას შორის? აღნიშნული პრობლემები ოპერაში გარდატეხილია მთავარი გმირის სახეში, მის იდუმალებით აღსავსე ამბავში, რომელსაც დინამიკურ ფინალურ სცენამდე მივყავართ. ამ ოპერის ფინალიც, „მოთამაშეს“ ფინალის მსგავსად ემოციური დაძაბულობის თანდათანობითი ზრდის პრინციპს ემყარება, რასაც ხანგრძლივი ostinato განაპირობებს. ეგზორციზმის რიტუალში ჩართული საგუნდო ჯგუფები და ინკვიზიტორის მონოტონური ინტონაციები მძლავრ ემოციურ-აკუსტიკურ ეფექტს ქმნის.

რაც შეეხება ოპერის გმირთა ვოკალურ დახასიათებას, აღსანიშნავია, რომ „მოთამაშესთან“ შედარებით „ცეცხლოვან ანგელოზში“ დეკლამაციასთან ერთად ფართოდაა გამოყენებული არიოზულ-სასიმღერო ტიპის ინტონაციები. ეს ორი საწყისი ერთმანეთს არა მხოლოდ ეოკალური ინტონირების ტიპით, არამედ კილო-ჰარმონიული ორგანიზების პრინციპითაც უპირისპირდება, როგორც დიატონიკა და ქრომატიკა.

ცალკეული სცენების ორგანიზებისას, განსაკუთრებით კულმინაციურ ზონებში, პროკოფიევი ფართოდ მიმართავს ostinato-ს, რაც ექსპრესიის უკიდურეს გამძაფრებას იწვევს. ამგვარ ემოციურად დაძაბულ ეპიზოდებს უპირისპირდება საყოფაცხოვრებო სცენა – ფაუსტის და მეფისტოფელის შეხვედრა რუპრეხთან დუქანში, რომელიც ფინალის წინ დროებით განტვირთავს მუსიკის დრამატიზმს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაში მრავლადაა მასშტაბური სცენები, უპირატესობა ენიჭება ორი მთავარი გმირის – რენატას და რუპრეხტის მონოლოგებს და დიალოგებს. სწორედ ეს თავისებურება, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ოპერის სტატიკურობას და სცენური რეალიზების გარკვეულ სირთულეებს.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები